აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაბინეტის შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინამ NATO-ს შესახებ უნდა დაივიწყოს, რადგან, მისი თქმით, სავარაუდოდ ომის დაწყების მიზეზი უკრაინის NATO-ში წევრობის საკითხი გახდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სახის დათმობების ნახვა სურს მას, ტრამპმა ჯერ უპასუხა, რომ ახლა ამაზე საუბარი არ სურს, თუმცა მაშინვე დაამატა, რომ უკრაინამ NATO-ს შესახებ უნდა დაივიწყოს.
"შემიძლია გითხრათ, რომ NATO შეგიძლიათ, დაივიწყოთ, რადგან ალბათ ეს მიზეზია, რატომაც მთელი ამბავი დაიწყო". - თქვა მან.
შეხვედრაზე ტრამპმა ასევე აშშ-უკრაინა შორის მინერალებზე შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს გარიგება უკრაინისთვის ფაქტობრივად ავტომატური უსაფრთხოების გარანტიის ტოლფასია:
"ეს შეთანხმება უკრაინისთვისაც დიდებულია, რადგან იქ ჩაგვიყვანენ. იქ ვიმუშავებთ, ადგილზე ვიქნებით და ამ მხრივ გარკვეულწილად ავტომატური უსაფრთხოების გარანტიაა, რადგან ჩვენს ხალხს ცუდად არავინ მოეპყრობა". - აღნიშნა მან.
ტრამპმა ასევე გაიხსენა, რომ თავდაპირველად უკრაინას ჯაველინები მან მიაწოდა და ასევე თქვა, რომ "უკრაინელებს, როგორც მებრძოლებს", დიდ პატივს სცემს.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია შეეცდება, გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიბრუნოს.
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ საუკეთესო შეთანხმებას მივაღწიოთ - ორივე მხარისთვის - მაგრამ უკრაინისთვის შევეცდებით, კარგი შეთანხმება დავდოთ, რათა იმდენი [ტერიტორია] დაიბრუნონ, რამდენიც შესაძლებელია. გვინდა, იმდენი დავიბრუნოთ, რამდენიც შესაძლებელია". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ამას გარდა, ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა ხაზგასმით, რომ რუსეთზე სანქციების მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს: "ჯერ მინდა, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ". - თქვა მან.
შეხვედრის დასაწყისში ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ პარასკევს, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმების გასაფორმებლად ვაშინგტონში ჩავა.
მანამდე, ტრამპმა თქვა, რომ მინერალებზე შეთანხმების შედეგად ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ფულს უკან დაიბრუნებენ, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინა "$350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს".





