რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციები ერთმანეთს მეორეჯერ 27 თებერვალს სტამბოლში შეხვდებიან.
"ასეთი შეხვედრა ხვალ სტამბულში გაიმართება". - თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლავროვის თქმით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა განიხილონ.
"ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი დიპლომატები, მაღალი დონის ექსპერტები შეხვდებიან და განიხილავენ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც დაგროვდა აშშ-ს წინა ადმინისტრაციის უკანონო ქმედებების შედეგად, როდესაც რუსეთის საელჩოს საქმიანობისთვის ხელოვნური ბარიერები შეიქმნა. ბუნებრივია, ჩვენ საპასუხოდ ანალოგიური პირობები შევქმენით ამერიკის საელჩოსთვის მოსკოვში". - განაცხადა ლავროვმა.
მანამდე, 18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა კიევში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.
გერმანულმა გამოცემამ Die Zeit წერდა, რომ რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 25 თებერვალს შეხვდებოდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების საუდის არაბეთში ახალი შეხვედრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.





