ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავზე, ტელეფონით ესაუბრა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრესრელიზშია აღნიშნული, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა ორმხრივ თანამშრომლობასა და უკრაინაში არსებულ "კრიზისზე" ისაუბრეს.
"პუტინმა ისაუბრა აშშ-რუსეთის კონტაქტების ბოლოდროინდელ განვითარებებზე და რუსეთის პრინციპულ პოზიციაზე უკრაინის კრიზისის შესახებ და აღნიშნა, რომ რუსეთი ერთგულია ძალისხმევისა, აღმოფხვრას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ძირეული მიზეზები და მიაღწიოს მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის გეგმას". - წერია რელიზში, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხსენიებულია, როგორც "უკრაინის კრიზისი".
რუსეთ-უკრაინის კრიზისის "ძირეული მიზეზების" აღმოფხვრის საკითხი ნახსენები იყო შესწორებაში, რომელიც რუსეთმა გაეროში აშშ-ს მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილ რეზოლუციაში შესატანად დაარეგისტრირა, თუმცა ის არ დამტკიცებულა.
რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ პეკინი "მოხარულია, ხედავდეს რუსეთისა და სხვა რელევანტური მხარეების მიერ დადებითი ძალისხმევის გაღებას კრიზისის გადასაწყვეტად", რაც, სავარაუდოდ, ერ-რიადში 18 თებერვალს აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრას გულისხმობს.
რელიზის მიხედვით, პუტინმა სატელეფონო საუბრისას მიანიშნა, რომ მოლაპარაკებებს გავლენა არ ექნება პეკინსა და მოსკოვს შორის არსებულ "ყოვლისმომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობით პარტნიორობაზე".
"ჩინეთთან ურთიერთობების განვითარება არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც რუსეთმა გრძელვადიანი პერსპექტივით გააკეთა. ეს არ არის დროებითი ღონისძიება და მასზე გავლენას არ ახდენს ერთადერთი მომენტი ან გარე ფაქტორები". - ნათქვამია პრესრელიზში.





