გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (CDU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გერმანიაში მიიწვია. მისი თქმით, ის იპოვის გზას, რომ ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე გერმანიაში არ დააკავონ.
"აბსოლუტურად აბსურდულად მიმაჩნია იდეა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრს გერმანიის მონახულება არ შეუძლია". - თქვა მერცმა პრესკონფერენციაზე.
ამავდროულად ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა გაავრცელა ცნობა, რომ ნეთანიაჰუმ მერცს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
2024 წლის 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა.
ისრაელის ლიდერებმა ჰააგის გადაწყვეტილებას "აბსურდული" უწოდეს. აშშ-ს იმჟამინდელმა ადმინისტრაციამ კი აღნიშნა, რომ აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".





