აშშ-ს პრეზიდნეტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა თქვა, რომ აშშ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების განხილვას არ აპირებს, თუმცა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინადადებას მათი მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ "სრულად მხარს უჭერს".
ამის შესახებ უოლცმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
"ეს [უკრაინის NATO-ში გაწევრიანება] მაგიდაზე არ დევს. ვერ ვხედავ, რომ NATO-ში უკრაინა შეგვყავს და შემდეგ აშშ-ს ჯარისკაცებს არსებითად ვავალდებულებთ, დაუყოვნებლივ, რომ მე-5 მუხლის ფარგლებში უკრაინა დაიცვან - ეს ძალიან განსხვავებულია, ამის შესახებ მინდა ძალიან ცხადად ვთქვა - ჩვენთან პრეზიდენტი მაკრონი მოდის, დიდი ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი მოდის, ეს ძალიან განსხვავებულია NATO-სა და NATO-ს არსებული წევრი ქვეყნების მიმართ აშშ-ს ვალდებულებებისგან, ზოგადად NATO-ს მიმართ, სხვა ქვეყნებთან ჩვენს მე-5 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმებების მიმართ ძალიან ერთგულები ვართ, თუმცა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები სრულად სხვა საუბარია.
სრულად მხარს ვუჭერთ იმას, რომ როგორც საფრანგეთი, ისევე დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპელები ამბობენ, რომ ენდომებოდათ, უკრაინის მომავლისთვის ძალიან მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში ჩაერთონ. ეს განსხვავებული საუბარია, რომელიც გვამხნევებს, რადგან ევროპას წლების განმავლობაშია ვთხოვთ, რომ საკუთარი თავდაცვა გააუმჯობესოს და წლებია, ვითხოვთ, რომ ევროპამ თავისი თავდაცვის საფასური გადაიხადოს, რადგან უკვე ათწლეულებია, რაც აშშ-ს გადასახადის გადამხდელი უსამართლო ტვირთს ატარებს". - თქვა უოლცმა.
რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე დღეს, 24 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება და ტრამპს ხვდება. ამ კვირაში ვაშინგტონში ვიზიტით ჩასვლას ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი ასევე აპირებს.
ცნობისთვის, გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს.
როგორც Telegraph აღნიშნავდა, სტარმერის თქმით, რუსეთის ხელახალი თავდასხმის შესაკავებლად ამ გეგმას აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება. გამოცემის წყაროებმა თქვეს, რომ სტარმერი ტრამპს მოუწოდებს, აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს ავიაგამანადგურებლები და რაკეტები პასუხის გასაცემად მზად იყვნენ, თუკი რუსეთი შეთანხმებას დაარღვევს.
მანამდე, აშშ-ს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა გააკეთა განცხადება, რომ მაკრონი და სტარმერი რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდოდნენ.
მოგვიანებით, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა დაადასტურა, რომ მაკრონი შემდეგ კვირას ტრამპს შეხვდებოდა.
ცნობისთვის, 19 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები შესაძლოა თებერვლის ბოლომდე გაიმართოს.
"ჩვენ ყველა მხარესთან ჩართული ვართ და შემდეგი ნაბიჯი, ტექნიკური ჯგუფების ჩამოყალიბება იქნება წინ წასასვლელად და მეტ დეტალზე სასაუბროდ". - თქვა უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში





