ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის პოსტიდან ჩარლზ ბრაუნი გაათავისუფლა

აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ჩარლზ ბრაუნი
Tom Williams/CQ Roll Call/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლა.

როგორც გამოცემა Associated Press წერს, ბრაუნის გათავისუფლება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის კამპანიის ნაწილია, თავდაცვის დეპარტამენტიდან გათავისუფლდნენ ის ლიდერები, რომლებიც ადვოკატირებას უწევენ მრავალფეროვნებასა და თანასწორობას მაღალ თანამდებობებზე. 

გამოცემის ცნობით, ბრაუნის გათავისუფლება, რომელიც გაერთიანებული შტაბების მეორე შავკანიანი თავმჯდომარე იყო, პენტაგონისთვის მოულოდნელი იყო. იგი პოსტზე 16 თვის განმავლობაში მსახურობდა. 

"მე მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალ ჩარლზ 'CQ' ბრაუნს ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული 40-წლიანი სამსახურისთვის, მათ შორის, როგორც გაერთიანებული შტაბების მოქმედ თავმჯდომარედ. ის შესანიშნავი ჯენტლმენი და გამორჩეული ლიდერია და მე მას და მის ოჯახს დიდებულ მომავალს ვუსურვებ". - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში. 

როგორც Associated Press წერს, პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ბრაუნის მიერ Black Lives Matter მოძრაობისთვის საჯარო მხარდაჭერამ იგი ტრამპის ადმინისტრაციის სამიზნედ აქცია თავდაცვის დეპარტამენტში "ვოუქიზმის" დასრულების კამპანიის ფარგლებში. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე გეგმავს შემდეგ კვირაში პენტაგონიდან გამოსაცდელი ვადით დასაქმებული 5400 პირი გაათავისუფლოს. 

ტრამპის განცხადებით, მან გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის პოზიციაზე საჰაერო თავდაცვის ძალების ვეტერანი გენერალი დენ კეინი წარადგინა. კეინი პროფესიით F-16-ის პილოტია და მსახურობდა აშშ-ს ეროვნულ გვარდიაში. 

კომენტარები