2022 წლის თებერვლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს, სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა. ამ ბრძოლაში საქართველოსაც მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირობად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად, ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს.
საჭირო გახდა სასიცოცხლოდ სახიფათო ფარული გზის გამოაშკარავება, რომ ქვეყანა ბრჭყვიალა სატყუარებს არ წამოგებოდა - ხან ევროკავშირში დროზე ადრე გაწევრიანების, ხან NATO-ს წევრობის, ხან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და ხან მილიარდობით დახმარების ცრუ დაპირებით. სამწუხაროდ, უკრაინა ამ სატყუარებს წამოაგეს. სისხლისმღვრელ ომში მათი უპირობო მონაწილეობის მიუხედავად, ვერც ევროკავშირისა და ვერც NATO-ს წევრები ვერ გახდნენ. აქამდე გაწეული დახმარებაც დღეს უკვე ვალად დაუთვალეს. ხალხი და ტერიტორიები დაკარგეს. უკრაინამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. რისკების თავიდან აცილება მხოლოდ მეტი სიმართლით იყო შესაძლებელი და ხალხის ძალა სწორედ ამიტომ შეიქმნა.





