17 თებერვალს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანისკენ მოუწოდა.
"მოლდოვა ყოველთვის ითხოვდა დნესტრის მარცხენა სანაპიროდან რუსეთის ჯარების სრულ და უპირობო გაყვანას და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას. არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცს, რომელიც იმყოფება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ, არ აქვს აქ დარჩენის უფლება, ხოლო რუსული ჯარი უნდა გავიდეს სრულად და უპირობოდ, საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, რომელთა შესრულების ვალდებულება თავისთავზე რუსეთმა აიღო". – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებამ განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შემდეგ გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთმა დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა 6000-დან 2500-მდე შეამცირა.
ზელენსკის სიტყვები უფრო დეტალურად განმარტა მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროს ანალიტიკურ-ინფორმაციული განყოფილების კონსულტანტმა მარიანა სარიმ. მისი თქმით, სამხედროების რაოდენობის შემცირება 1998 წელს, რუსეთსა და მოლდოვას შორის ოდესაში დადებული შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გამოუქვეყნებია დნესტრისპირეთში მყოფი რუსი სამხედროების ზუსტი რაოდენობა.





