რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჟან-ნოელ ბარო: რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნება წარმოუდგენელია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, ფრანგულ ტელეარხ LCI-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნება "წარმოუდგენელია". 

"G7 არის ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჯგუფი. სურს თუ არა რუსეთს, ჩანდეს როგორც განვითარებული დემოკრატია? არა, ამიტომ დღეს ეს მიუღებელია". - განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ბაროს თქმით, რუსეთი სულ უფრო ნაკლებად მოქმედებს როგორც დემოკრატია და ის აგრესიულად უტევს დიდი შვიდეულის წევრებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა მოსკოვის რეინტეგრაცია, თუ უკრაინაში  "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა" დამყარდება.

"მომავალში, რატომაც არა? ომის პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რუს ხალხს ეს ომი არ დაუწყია. როცა ჩვენ შევქმნით სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის პირობებს, შევძლებთ რუს ხალხთან ურთიერთობების აღდგენას,  დიპლომატიური ურთიერთობები შესაძლებელია". - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

მანამდე, 12 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის G8-დან გარიცხვა "შეცდომა" იყო.

კომენტარები