კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი საუდის არაბეთში აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის გაემართნენ.
"დღეს, პრეზიდენტი პუტინის ინსტრუქციით, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და პრეზიდენტის მრცევენი იური უშაკოვი რიადში მიფრინავენ. ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრას, სავარაუდოდ, სამშაბათს გამართავენ, რაც ძირითადად რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში არსებული მთელი სირთულეების გადაწყვეტას დაეთმობა" – თქვა პესკოვმა.
გუშინ, 17 თებერვალს Reuters-მა გაავრცელა ინფომაცია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში ჩავიდა.
რუბიომ 16 თებერვალს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაირკვევა, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარებას.
ამასთან, 15 თებერვალს რუბიო ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული "ბარიერების" მოხსნა განიხილეს.
საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-ს დელეგაციაში წარმოდგენილი იქნება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინა არ იღებს საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას.
"მოლაპარაკების მაგიდაზე არაფერი არ არის ისეთი, რაც განხილვად ღირს. [...] რუსეთი არ არის მზად მოლაპარაკებისთვის" – თქვა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებების დაგეგმვა უკავშირდება 12 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
იმ დროს, ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.





