რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეფონით საუბრისას ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული "ბარიერების" მოხსნა განიხილეს.
"საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ კომუნიკაციის არხის შენარჩუნებაზე, რათა გადაწყვიტონ რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობაში დაგროვებული პრობლემები, წინა ადმინისტრაციის მიერ ორმხრივად სასარგებლო ვაჭრობის, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობისთვის ცალმხრივად დაწესებული ბარიერების მოხსნის ინტერესით" – წერია რუსეთის განცხადებაში.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება ბარიერებში, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-მ დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ მრავალმხრივი ეკონომიკური სანქციები დააწესა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ რეგულარულ კონტაქტზე და რუსეთ-უკრაინის სამიტის მომზადებაზე.
ცნობისთვის, 12 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინთან ხანგრძლივი, პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.
- ტრამპი: სატელეფონო საუბარი მქონდა პუტინთან - განვიხილეთ უკრაინის და სხვა მრავალი საკითხი
- პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში უკრაინის საკითხზე დისკუსიისთვის მიიწვია
ამავე დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და ერთად მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრა.
ლიდერების საუბრის შესახებ ვრცელი განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
- პესკოვმა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებზე ილაპარაკა
- ტრამპის თქმით, უკრაინა ტერიტორიების "რაღაც ნაწილს" დაიბრუნებს





