რუსული სამთავრობო მედიის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ამერიკული მხარის ინიციატივით ქვეყნების საგარეო პოლიტიკის უწყებების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა". - თქვა სამინისტრომ ТАСС-ის თანახმად.
ცნობისთვის, 12 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინთან ხანგრძლივი, პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.
- ტრამპი: სატელეფონო საუბარი მქონდა პუტინთან - განვიხილეთ უკრაინის და სხვა მრავალი საკითხი
- პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში უკრაინის საკითხზე დისკუსიისთვის მიიწვია
ამავე დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და ერთად მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრა.
ლიდერების საუბრის შესახებ ვრცელი განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.