საქართველოს სახალხო დამცველი "ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოხატავს ბათუმში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო". ომბუდსმენი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
"ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი.
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას დაღუპულთა ოჯახების წინაშე და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს:
უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 თებერვალს, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით, 8 თებერვალს სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიიღო მონაწილეობა.
როგორც ივანიშვილის პრემიერმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, ე.წ. ოცნების ქალაქი "ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა".
გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას მივიდა.
ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ "მნიშვნელოვანია", რომ ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, "არ იყო სამშენებლო ტერიტორია".
"ძალიან მნიშვნელოვანია, [აღვნიშნოთ], რომ ეს არ არის მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი, ეს არის მოშორებით, აქ, სადაც მშენებლობაა, სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს". - თქვა ფუტკარაძემ.