ბათუმი

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე 2 მცირეწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

გამოცემა ბათუმელების ცნობით, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 

გამოცემის ცნობითვე, დაღუპული ბავშვები 4 და 5 წლის არიან. 

მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიაც. 

"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში". - განაცხადეს ბათუმის მერიაში. 

ცნობისთვის, ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით, 8 თებერვალს სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიიღო მონაწილეობა. 

როგორც ივანიშვილის პრემიერმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, ე.წ. ოცნების ქალაქი "ჩვენი  სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა".

"დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე. იწყება  "ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი. ეს პროექტი არის ჩვენი  სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა. "ოცნების ქალაქი" უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ და სამწუხაროდ, დღემდე უწევთ ცხოვრება. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა, 800-მდე ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, გაიზარდოს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში.

დღეს ვიწყებთ უკვე ამ პროექტის მეორე ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციურია. ახალი გეგმის მიხედვით, 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი ბინები სრულად იქნება აღჭურვილი გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი". - ამბობდა ივანიშვილის პრემიერი ცერემონიაზე. 

კომენტარები