ბათუმი

"ეს არ იყო სამშენებლო ტერიტორია" – აჭარის ეკონომიკის მინისტრი "ოცნების ქალაქში" მომხდარზე

ჯაბა ფუტკარაძე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას მივიდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე, წყლით სავსე თხრილში 2 მცირეწლოვანი ჩავარდა და დაიღუპა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ "მნიშვნელოვანია", რომ ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, "არ იყო სამშენებლო ტერიტორია". 

"ძალიან მნიშვნელოვანია, [აღვნიშნოთ], რომ ეს არ არის მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი, ეს არის მოშორებით, აქ, სადაც მშენებლობაა, სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს". - თქვა ფუტკარაძემ. 

ფუტკარაძის თქმით, ადგილზე არა სამშენებლო სამუშაოები, არამედ ჯერ მხოლოდ "წინასამშენებლო, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს", რაც მიზეზია იმისა, რომ ტერიტორია ღობით შემოსაზღვრული არ არის. 

მისივე თქმით, "შესაბამისი ღობე" ტერიტორიაზე მაშინ გაჩნდება, როდესაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 

"მიმდინარეობს წინა სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები. მშენებლობა ჯერ არ არის დაწყებული. როცა დაიწყება, იქნება შესაბამისი ღობე ტერიტორიაზე. ჯერ სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა". - თქვა ფუტკარაძემ. 

ფუტკარაძემ რამდენჯერმე მოუწოდა "სიმშვიდისკენ" მედიის იმ წარმომადგენლებსა და ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც მას ტრაგიკული შემთხვევის შესახებ კრიტიკულ შეკითხვებს უსვამდნენ. 

"კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ არის სხვადასხვა მცდელობა, განსაკუთრებით პრესის წარმომადგენლების მხრიდან, შეიტანონ სხვადასხვა კითხვები და ძალიან მნიშნველოვანია ადამიანებთან ჩვენი წარმომადგენლები და მნიშნველოვანია, [რომ] სხვა ყველა უწყება არის ჩართული და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია. 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულდეს იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, საკმაოდ ისეთი ფონია, მოსახლეობა და პრინციპში ყველანი განვიცდით და სხვადასხვა სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს. [...] ყველას, ვინც ცდილობთ, რომ აჟიტირება შემოიტანოთ, მოგიწოდებთ, რომ დამშვიდდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია. ჩვენ უშუალოდ ოცნების ქალაქის დასახლებაში დემონტაჟი განვახორციელეთ, სამშენებლო ტერიტორიის გარდა სხვა შენობა ნაგებობების, და ეს მოქალაქეები შესაბამისად უკვე განთავსებული არიან მათთვის გადაცემულ ბინებში". - თქვა ფუტკარაძემ. 

ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 

გამოცემა ბათუმელების ცნობით, დაღუპული ბავშვები 4 და 5 წლის არიან. 

მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიაც. 

"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში". - განაცხადეს ბათუმის მერიაში. 

ცნობისთვის, ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით, 8 თებერვალს სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიიღო მონაწილეობა. 

როგორც ივანიშვილის პრემიერმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, ე.წ. ოცნების ქალაქი "ჩვენი  სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა".

"დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე. იწყება  "ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი. ეს პროექტი არის ჩვენი  სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა. "ოცნების ქალაქი" უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ და სამწუხაროდ, დღემდე უწევთ ცხოვრება. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა, 800-მდე ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, გაიზარდოს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში.

დღეს ვიწყებთ უკვე ამ პროექტის მეორე ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციურია. ახალი გეგმის მიხედვით, 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი ბინები სრულად იქნება აღჭურვილი გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი". - ამბობდა ივანიშვილის პრემიერი ცერემონიაზე. 

კომენტარები