აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, ვაშინგტონი რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
ამასთან, ვენსმა აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარესთან რამდენიმე საკითხი განიხილა, რომლებიც ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს და ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი ომის დასრულებაა.
"გვინდა მკვლელობები შეწყდეს, მაგრამ გვსურს, მივაღწიოთ გრძელვადიან, მდგრად მშვიდობას, არა ისეთი სახის მშვიდობას, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპა კონფლიქტში იქნება რამდენიმე წლის შემდეგ". - თქვა ვენსმა.
ვენსის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის მომდევნო დღეებში, კვირებსა და თვეებში კიდევ უფრო მეტი ასეთი დისკუსია შედგება.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სურვილი "შეაჩეროს პუტინი და დაასრულოს ომი".
"ჩვენ ნამდვილად ძალიან გვინდა მშვიდობა, თუმცა, გვჭირდება რეალური უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებსა და მუშაობას. ასევე, ძალიან გაგვიხარდება თუ გენერალ კელოგს უკრაინაშიც ვიხილავთ". - თქვა ზელენსკიმ.