კოალიცია ცვლილებისთვის

მივმართავთ აქციის მონაწილეებს, არ გადაიხადოთ პატრულის ჯარიმები - გაასაჩივრეთ – ლემონჯავა

კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, გიგა ლემონჯავამ გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს, ვინც მონაწილეობს აქცია-მანიფესტაციებში მოუწოდა, არ გადაიხადონ და გაასაჩივრონ პოლიციის მიერ მათთვის გამოწერილი ჯარიმები.

"დღევანდელ ბრიფინგზე მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის მოქალაქეს, მონაწილეობს შეკრება-მანიფესტაციებში, რომ არ გადაიხადოთ პატრულის ჯარიმები - გაასაჩივრეთ. გაასაჩივრეთ არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რაიმე იმედი, შსს-ში ან სასამართლოში რაიმე სამართლიანობის მიღწევის იმედი ან მათ ლეგიტიმურობას ვაღიარებთ, არამედ იმიტომ, რომ სისტემაში არსებობს ბზარი, სისუსტე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

როგორც იცით, 1 თებერვალს, ვაჟა სირაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატაკით მიმართა გომელაურს, სადაც მიუთითებდა პრობლემაზე, რომ მათ უჭირთ უკვე ამდენ ჯარიმაზე სამართლებრივი რეაგირება. 3 რიცხვი დაინიცირდა შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში, ხოლო 7-ში შევიდა ძალაში. ეს ცვლილებები ეხება გზის გადაკეტვის პროცესს, ნიღბის ტარების უფლებას დემონსტრაციების დროს და ასევე, პიროტექნიკის გამოყენებას.

არ გადაიხადოთ ეს პატრულის ჯარიმები და გაასაჩივრეთ, რადგან გასაჩივრება აჩერებს გადახდის პროცესს, ანუ ამ პერიოდში არ მოგიწევთ უკანონო ჯარიმის გადახდა. ასევე, ვაპირებთ, დავტვირთოთ სისტემა მაქსიმალურად. ეს პატაკი და ზოგადად ეს ცვლილებები კანონმდებლობაში მიუთითებს, რომ ადამიანების დასაშინებლად მოფიქრებული ჯარიმები გახდა პრობლემა თავად რეპრესიული სისტემისთვის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავტვირთოთ რეჟიმი, შსს და სასამართლო.

[...] ჩვენი კოალიცია დაგეხმარებათ, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტებით". - თქვა ლემონჯავამ.

ივანიშვილის პარლამენტმა დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში  რეპრესიული ცვლილებები მიიღო - მეორე და მესამე მოსმენები 6 თებერვალს გაიმართა.

კერძოდ, ცვლილებები შევა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში.

8 თემერვალს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პატაკი, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე შს სანქცირებულ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს წერს და საპროტესტო აქციებზე "სამართალდარღვევის 593 ფაქტზე" რეაგირებას შსს-ს სთხოვს.

იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, უწყება და სასამართლო ვერ ახერხებს დროულად  მტკიცებულებების ჩაბარებას და სამოქალაქო აქტივისტებს ჯერ სასამართლოში იბარებენ და შემდეგ იწყებენ მტკიცებულებების მოგროვებას.

კომენტარები