ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოს შესახებ წინადადება დაამტკიცა.
განცხადებაში ბიურო ივანიშვილის მთავრობას ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს.
ბიურო ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ, თუმცა გასცემს რეკომენდაციას, რომ ამა წლის ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები გადაიდოს, ვინაიდან არსებულ პირობებში მისი ჩატარება გარკვეულ "რისკებს ქმნის".
განცხადებაში ბიურო რეჟიმს პოლიტპატიმრების, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და სხვა უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენაც მოუწოდებს.
საბოლოოდ, ბიურო ხაზს უსვამს ივანიშვილის მთავრობის დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებში დაბრუნების აუცილებლობას, რათა მმართველმა პარტიამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელება შეძლოს.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო განცხადების ბოლოს მზაობას გამოხატავს, უზრუნველყოს ნებისმიერი სახის დახმარება, რაც განცხადებაში აღნიშნული მოწოდებებისა და რეკომენდაციების შესრულებისთვის იქნება საჭირო.
როგორც განცხადების ბოლოსაა აღნიშნული, კონგრესის სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები 2024 წლის 25-27 მარტს გაიმართება.
"კონგრესის ბიურო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, გაუკვალოს გზა თავისუფალ და სამართლიან ხელახალ არჩევნებს ეროვნულ დონეზე, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ადგილობრივ დონეზე და მოეპყრას ყოველ ქართველს თანაბრად, მათ შორის, ადგილობრივად არჩეულ წარმომადგენლებს.
ქვეყანაში კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცეპრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ და წინარე განცხადებებზე დაყრდნობით, ბიუროს [პოზიცია] ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა იმოქმედოს ექსტრემალური პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც ქვეყანას ავნებს. მათ სამართალდამცავი სააგენტოები, იურიდიული და ყველა საჯარო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყონ. საჯარო მოხელეები ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე თავიანთი პოზიციებიდან გათავისუფლდნენ პოლიტიკური მიზეზებით. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს.
ამასთან, ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი გამოხატვის, შეკრებისა და ასოციაციის დემოკრატიული უფლებების გამოყენება. მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია. ისინი, ვინც ამჟამად მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები, შესაბამისად, უნდა გათავისუფლდნენ. ეს მოიცავს ეროვნული და ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, მათ შორის, მზია ამაღლობელს, რომელის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს.
ამგვარი მიდგომით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიცვალოს პოზიცია და ცხადი გახადოს მისი მონდომება ოპოზიციასთან გულწრფელი, ღია და კონსტრუქციული დებატების მიმართ. დემოკრატიულ ნორმებთან და სტანდარტებთან ეს დაბრუნება უზრუნველყოფდა იმ ნდობას, რომელიც საჭიროა ოპოზიციის მიერ მთავრობასთან ურთიერთობის დასამყარებლად და დაასრულებდა მათ მიერ დაწესებულებების ბოიკოტს. შემდგომ, ეს გზას გაუკვალავდა ახალ ეროვნულ არჩევნებს, დაფუძნებულ ევროპულ სტანდარტებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გააკეთეს, და ამასთან, ხელს შეუწყობდა პროგრესს თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნებისკენ. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებაზე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების შესახებ. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები ამა წლის ოქტომბერში ჩატარდება. არსებული პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს აჩენს. შესაბამისად, პოლიტიკური გარემოს საფუძვლიანი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს.
ბიუროს სჯერა იმ დემოკრატიული და ევროპული მომავლის, რომელიც ყოველი ქართველის ინტერესებს ემსახურება. ეს მოითხოვს ყოველი პოლიტიკური აქტორის მონაწილეობას მთავრობის ნებისმიერ დონეზე, მათ შორის, მმართველ პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაგრძელებას.
კონგრესი მზაობას გამოთქვამს, უზრუნველყოს ნებისმიერი დახმარება ამ მიზნის მისაღწევად. საქართველოს შესახებ დებატები 2024 წლის 25-27 მარტს, კონგრესის შემდეგ სესიაზე გაიმართება". - წერია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებაში.





