დრონების ოპერატორებისთვის განკუთვნილი სათვალეების პარტია, რომელიც ანონიმურმა მიმწოდებელმა რუსი მოხალისეების მოთხოვნის საპასუხოდ მიაწოდა, დანაღმული აღმოჩნდა. თითოეულ მოწყობილობაში პლასტიკური ასაფეთქებელი იყო ჩამონტაჟებული, რომელიც ჩართვისას უნდა აფეთქებულიყო.
სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული სურათებიდან ჩანს, რომ მოწყობილობაში დაახლოებით 15-10 გრამი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული, რომელიც განთავსებული იყო მოწყობილების გაგრილების სისტემის მახლობლად, პირდაპირ მომხმარებლის საფეთქელთან. თუ სათვალეების ჩართვისას ის ადამიანს თავზე ეკეთა, მომხმარებელი დიდი ალბათობით დაიღუპებოდა.
ამ დროისთვის, არცერთ წყაროში არ არის მითითებული ვინმეს დაშავების ცნობა და თუ როგორ აღმოაჩინეს დანაღმული მოწყობილობები.
დანაღმული სათვალეების შესახებ ინფორმაცია კრემლის მედია TASS-მა პირველად 7 თებერვალს გაავრცელა. მათ ინფორმაცია მიაწოდა JSC NPP-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა - ეს კომპანია რუსული ძალებისთვის ომისთვის საჭირო ელექტრონულ აღჭურვილობას ამზადებს და აწვდის.
წარმომადგენელმა თქვა, რომ „Skyzone Cobra X v4 FPV-ის მოდელის სათვალეების პარტია გადმოგვცა ანონიმურმა შემომწირველმა რომანის სახელის ქვეშ, ჰუმანიტარული დახმარების სახით. როდესაც მოწყობილობა ჩართეს, ის აფეთქდა. ამ პარტიის დაშლის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ყველა პროდუქტში პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩამონტაჟებული“