წყალქვეშა კაბელების დაზიანება ბალტიის ზღვაში

რუსეთი: ბალტიის ზღვაში ჩვენი წყალქვეშა კაბელი გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა

რუსული ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერი Turbo Voyager და სატვირთო გემი BBC Lisbon დანიის სიახლოვეს
Carsten Snejbjerg/Bloomberg

რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია Ростелеком-ის ინფორმაციით, ბალტიის ზღვაში, ფინეთის ყურის ფსკერზე, მათი წყალქვეშა კაბელი "გარე ზემოქმედების" შედეგად დაზიანდა.

"რამდენიმე ხნის წინ ბალტიის ზღვაში Ростелеком-ის წყალქვეშა კაბელი გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა" – უთხრა კომპანიის ოპერატორმა რუსულ გამომცხემლობა РИА Новости-ს.

მისი თქმით, ამჟამად კაბელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ბოლო თვეებში ბალტიის ზღვაში რამდენიმე წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი კაბელი დაზიანდა, რაც ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა რუსეთს დააბრალეს.

27 იანვარს ბალტიის ზღვაში ლატვიასთან საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემი შვედეთის ხელისუფლებამაც დააკავა. შვედური მხარის თქმით, პირველადი გამოძიება საბოტაჟის ნიშნებზე მიუთითებს და დაამატეს, რომ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, რომელშიც შვედეთის პოლიცია, სამხედრო ძალები და სანაპირო დაცვა არიან ჩართული.

ლატვია-შვედეთის დამაკავშირებელი კაბელი 26 იანვარს დაზიანდა და ფიქრობდნენ, რომ დაზიანება "გარე გავლენით" იყო გამოწვეული. ამასთანავე, BBC წერს, რომ ეს სავარაუდო თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ნატომ ბალტიის ზღვაში ახალი მისია "ბალტიის გუშაგი" დაიწყო.

ბოლო პერიოდში NATO-მ ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელებზე თავდასხმების აღკვეთისა და მსგავსი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით რეგიონში უსაფრთხოების ზომების გაზრდა დაიწყო.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 14 იანვარს განაცხადა, რომ თავდაცვითი ალიანსი ბალტიის ზღვაში პროგრამა Baltic Sentry-ს იწყებს, რაც რეგიონში სხვადასხვა საშუალები, მათ შორის, საესკადრო ნაღმოსანი გემების, საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავისა და "საზღვაო დრონების მცირე ზომის ფლოტის", განთავსებას გულისხმობს.

ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ მათი ძალები "ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანების შემდეგ, ასევე საზღვაო საპატრულო ხომალდისა და სადაზვერვო თვითმფრინავის სახით წვლილს შეიტანს NATO-ს პასუხის გაძლიერებაში".

NATO-ს მხრიდან ბალტიის ზღვაში უსაფრთხოების ზომების გაზრდის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ რუსეთი ბალტიის ზღვის "NATO-ს ტბად" გადაქცევას არ დაუშვებს. გრუშკოს თანახმად, რუსეთი ყველაფერს იზამს, რათა მისი ინტერესები საიმედოდ "დაცული" იყოს.

ასევე აღსანიშნავია, რომ 23 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა მას შემდეგ, რაც სამეფო ფლოტმა მათ წყლებში მცურავი "რუსული ჯაშუშური ხომალდი" შენიშნა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ 22 იანვარს ქვეყნის პარლამენტს განუცხადა, რომ რუსული ხომალდი Yantar "სადაზვერვო ინფორმაციისა და გაერთიანებული სამეფოს კრიტიკული მნიშვნელობის წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე რუკების შესადგენად გამოიყენება".

"მე ასევე მინდოდა, რომ პრეზიდენტ პუტინს ეს გზავნილი მოესმინა: ჩვენ გხედავთ, ვიცით, რასაც აკეთებთ, და ჩვენ არ მოვერიდებით მყარ ნაბიჯებს, რათა დავიცვათ ეს ქვეყანა". - დაამატა ჰილიმ.


26 დეკემბერს ფინეთმა ბალტიის ზღვაში ნავთობის გადამზიდი ტანკერი Eagle S დააკავა, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ეჭვობენ, რომ გემმა ღუზის ზღვის ფსკერზე გათრევით წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა.

მოგვიანებით, ფინეთის პოლიციამ ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა ღუზა, რომელმაც დიდი ალბათობით, წყალქვეშა ელექტრო და ტელეკომუნიკაციის კაბელები დააზიანა.

გამოძიების უფროსმა, რისტო ლოიმ Reuters-ს განუცხადა, რომ სანამ ფინეთი ხომალდს დააკავებდა, არსებობდა საფრთხე, რომ ის მეორე ელექტროსადენ Estlink 1-ს და ასევე BalticConnector-ის ბუნებრივი აირის მილსადენს დააზიანებდა.

"იქნებოდა თითქმის მყისიერი საფრთხე, რომ შესაძლოა დაზიანებულიყო სხვა კაბელები ან მილსადენები, რომლებიც ჩვენს კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურასთანაა კავშირში". - თქვა მან.

ლოის თქმით, ამ დროისთვის ეკიპაჟის მე-9 წევრიც დაამატეს ეჭვმიტანილების სიაში და მას მოგზაურობა აუკრძალეს. ფინეთმა მანამდე განაცხადა, რომ ეკიპაჟის 24 წევრიდან რვას მოგზაურობას უკრძალავდნენ.

ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგება, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ხოლო გემის კაპიტანი ასევე საქართველოს მოქალაქე, დავით ვადაჭკორიაა.

ვადაჭკორიამ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "პასუხი ყველაფერს მოგვიანებით გაეცემა". მისი თქმით, "გამოძიება კვლავ მიმდინარეობს" და დაამატა, რომ შემთხვევა "ჩვეულებრივი საზღვაო ინციდენტი იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ პოლიციასთან კარგად ვთანამშრომლობთ".

გამოძიების ეროვნული ბიუროს გამოძიების ხელმძღვანელის, სამი პაილას თქმით, Eagle S-ის ეკიპაჟის ზოგიერთი წევრი ეჭვმიტანილია, ზოგი თვითმხილველია, ზოგის სტატუსი კი გაურკვეველია. ამასთანავე, 3 იანვარს ფინეთის სასამართლომ უარყო ტანკერის გაშვების მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ მისი დაკავება ძალაში რჩება.

ამას გარდა, ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის, Estlink 2-ის დაზიანებასთან ერთად, მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ გემმა რამდენიმე წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელიც დააზიანა, რომელთაგან ორს ტელეკომუნიკაციების კომპანია, Elisa ფლობდა, ერთს - ჩინური ფირმა CITIC Telecom-ი, ერთს კი ფინეთის სახელმწიფო კომპანია, Cinia. 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა. 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოცემა Lloyd's List-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულ კომპანიას, Caravella-ს ეკუთვნის და კომპანიის ფლოტის ერთადერთ გემს წარმოადგენს.

რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომელთა ერთადერთ მიზანს სანქცირებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობის გადატანა წარმოადგენს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ. 

გასულ თვეში ბალტიის ზღვაში ასევე დაზიანდა ორი ტელეკომუნიკაციის კაბელი. მაშინ ეჭვები ჩინურმა ხომალდმა Yi Peng 3-მა გამოიწვია, რომელიც რუსული პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ორივე დაზიანებულ წყალქვეშა კაბელთან ახლოს გაცურა. დაზვერვის ღია წყაროების ექსპერტების ცნობით, მომხდარის შემდეგ სატვირთო გემს დანიის საზღვაო ძალები აედევნა.

კომენტარები