პანამა-ჩინეთი

ჩინეთი იმედოვნებს, რომ პანამა აბრეშუმის გზის შეთანხმების გაუქმებაზე აზრს შეიცვლის

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ლინ ძიანი
VCG/Getty Images

მას შემდეგ, რაც პანამის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღარ განახლდება ზოგადი შეთანხმება პანამასა და ჩინეთს შორის, რომ ქვეყანამ წვლილი შეიტანოს ჩინეთის "ერთი სარტყელი, ერთი გზის" აბრეშუმის გზის პროექტში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "აშშ-ს მხრიდან იძულება" გააკრიტიკა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ლინ ძიანის თქმით, ჩინეთი "მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ს მხრიდან ერთი სარტყელი, ერთი გზის მიმართ ცილისწამებასა და ძირის გამოთხრას, წნეხისა და იძულების მეშვეობით".

ლინის თქმით, აბრეშუმის გზის ინიციატივაში "აქტიურად მონაწილეობს" 150-ზე მეტი ქვეყანა და მას "ნაყოფიერი შედეგები" ჰქონდა ჩინეთისა და პანამისთვის, თუმცა, კონკრეტული მაგალითები არ უხსენებია.

"ვიმედოვნებთ, რომ პანამა გაითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების საერთო სურათსა და ორივე ხალხის გრძელვადიან ინტერესებს, წინააღმდეგობას გაუწევს გარე ჩარევას და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს". - თქვა ლინ ძიანმა.

3 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პანამაში გამართული ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტი გააფრთხილა, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა გადაიჭრას პანამის არხის პორტებზე ჩინური კომპანიების კონტროლის საკითხი, რასაც აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაცია პრობლემად მიიჩნევს.

რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ, მულინომ გამოაცხადა, რომ ივლისში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფართოვდება, რათა პანამის აეროპორტის მეშვეობით დარიენის ნაპრალიდან აშშ-ს ხარჯზე ვენესუელელი, კოლუმბიელი და ეკვადორელი მიგრანტების საკუთარ ქვეყნებში რეპატრიაცია მოხდეს, სანამ ისინი აშშ-მექსიკის საზღვარს მიაღწევენ.

ამასთანავე, მულინოს თქმით, აღარ განახლდება ზოგადი შეთანხმება პანამასა და ჩინეთს შორის, რომ ქვეყანამ წვლილი შეიტანოს ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტში, რის ფარგლებშიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩინეთმა პანამაში ინვესტიციები გაზარდა. მულინომ ჩინეთთან დადებული შეთანხმების ნაადრევად შეწყვეტის შესაძლებლობაც განიხილა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარსულში არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენება პანამაზე კონტროლის დასამყარებლად. მან საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პანამის არხს "უკან დაიბრუნებს", რადგან, მისი თქმით, პანამამ აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია, რომელიც პანამის არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა.

მარკო რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილი, იყიდოს გრენლანდია და დაიბრუნოს კონტროლი პანამის არხზე ლეგიტიმური ეროვნული ინტერესებიდან და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარეობს.

კომენტარები