სამხრეთ აფრიკასა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის განვითარებული დაძაბულობის ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ იგი არ დაესწრება G20 სამიტს, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში გაიმართება.
G20 მთავრობათშორისი ფორუმია, რომელიც 1999 წელს დაარსდა. სამიტზე გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად თავს იყრის მსოფლიოს 20 ყველაზე დიდი ეკონომიკა - ქვეყნებისა და კავშირების სახით.
"მე არ დავესწრები G20 სამიტს იოჰანესბურგში. სამხრეთ აფრიკა ძალიან ცუდ რაღაცებს სჩადის. კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას. იყენებს G20-ს 'სოლიდარობის, თანასწორობისა და მდგრადობის', სხვა სიტყვებით, DEI-სა [Diversity, Equality, Inclusivity] და კლიმატის ცვლილების მხარდასაჭერად". - დაწერა რუბიომ X-ზე.
რუბიომ დაამატა, რომ მისი საქმე "ამერიკის ეროვნული ინტერესების წინ წამოწევაა და არა გადასახადის გადამხდელთა ფულის გაფლანგვა ან ანტი-ამერიკანიზმთან შეგუება".
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ გასულ თვეში, ქონებრივი უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, ხელი მოაწერა კონტროვერსიულ კანონს, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, მოახდინოს მიწის ექსპროპრიაცია მესაკუთრის ანაზღაურების გარეშე. აპარტეიდის დროს რასობრივი ნიშნით ქონებრივი უთანასწორობა მკვეთრად გაიზარდა, რომლის შედეგებსაც სამხრეთ აფრიკა დღემდე ებრძვის.
რამდენიმე დღის წინ ტრამპი დაიმუქრა, რომ სამხრეთ აფრიკას ამერიკულ დაფინანსებას შეუწყვეტდა და ქვეყანა "მიწის კონფისკაციასა და ადამიანთა კონკრეტული კლასების მიმართ ძალიან ცუდ მოპყრობაში" დაადანაშაულა.
მან საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა, რომ სამხრეთ აფრიკაში "ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა, სულ მცირე, ყველას დასანახად ხდება".
"აშშ არ შეეგუება ამას, ჩვენ ვიმოქმედებთ. ამასთან, მე შევწყვეტ სამხრეთ აფრიკისთვის განკუთვნილ ყველა სამომავლო დაფინანსებას, სანამ ამ სიტუაციაზე გამოძიება არ დასრულდება!". - დაწერა ტრამპმა.
რამაფოზამ ტრამპის საპასუხოდ თქვა, რომ სამხრეთ აფრიკის მთავრობას "მიწის კონფისკაცია არ მოუხდენია".
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის თქმით, მიღებული კანონი "არა კონფისკაციის ინსტრუმენტი, არამედ კონსტიტუციურად განსაზღვრული სამართლებრივი პროცესია, რომელიც, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, უზრუნველყოფს საჯარო წვდომას მიწასთან სამართლიანად და მართებულად".
"სამხრეთ აფრიკას, როგორც აშშ-სა და სხვა ქვეყნებს, ყოველთვის ჰქონდა ექსპროპრიაციის კანონები, რომლებიც აბალანსებდა მიწის საჯარო მოხმარების საჭიროებასა და საკუთრების მფლობელთა უფლებების დაცულობას. ჩვენ მიწის რეფორმის პოლიტიკასთან და ორმხრივი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას ველით". - თქვა რამაფოზამ.





