ივანიშვილის პარლამენტმა დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში რეპრესიული ცვლილებები მიიღო - მეორე და მესამე მოსმენები 6 თებერვალს გაიმართა.
კერძოდ, ცვლილებები შევა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის დეპუტატებმა მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანეს, რის მიხედვითაც "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, გამოიწვევს:
1. ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში კი 15 000 ლარით დაჯარიმებას და 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობა.
2. ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე, ნაცვლად კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში ჩაწერილი 20 დღისა.
3. ორგანიზატორობის შემთხვევაში ანმეორებითი ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრა 60 დღემდე პატიმრობა. პირველად ვერსიაში ეწერა, "5 დღიდან 60 დღემდე პატიმრობა".
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლები ეხება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, დახურულ სივრცეში აქციის ჩატარების შესახებ გაფრთხილებას.
გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით:
- სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით;
- სამართალდამცველის "სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით" გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით;
- ქმედების განმეროების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
აღნიშნული ცვლილებები ივანიშვილის რეჟიმმა 3 თებერვალს დააანონსა. ოცნების უმრავლესობის სხდომის შემდეგ მდინარაძემ თქვა, რომ იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე, ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მანვე განაცხადა, რომ "ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით" სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. რუსთაველის გამზირზე დღეების განმავლობაში აკავებდნენ და სასტიკად სცემდნენ მოქალაქეებს. მათ შორის ჟურნალისტებს. სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 500 დაკავებულიდან 300-ზე მეტს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა.
პოლიციელზე თავდასხმისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს აქციების ათობით მონაწილე. ყველა მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოცნებას 11 იანვრის შემდეგ დაკავებული ჰყავს ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელიც - მან აქტივისტების დაკავებისას ბათუმის პოლიციის უფროსს სახეში გაარტყა, რაც ივანიშვილის სისტემამ სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმად შეაფასა. ამაღლობელი 23-ე დღეა, შიმშილობს.
ჯერ კიდევ დეკემბერში რეჟიმმა აკრძალა შეკრებებზე ნიღბების გამოყენება. სახის დაფარვის, მათ შორის, ე.წ ბალაკლავის ტარების გამო იანვრის თვეში არაერთი აქტივისტი რამდენჯერმე დააჯარიმეს.
სახის დაფარვის გარდა, რეჟიმმა აკრძალა აქციებზე ლაზერის ქონა. ასევე, პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ლიცენზიის გარეშე. ასევე, ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რის შემდეგაც, შენობების ბლოკირება და გზის "ხელოვნურად გადაკეტვა" 5 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო მძღოლს, რომელიც "ორგანიზებულად" გზას გადაკეტავს, მართვის მოწმობის 1 წლით ჩამოართმევენ. გარდა ამისა, "ტერიტორიის იერსახის დაზიანებისთვის" ჯარიმა გაოცმაგდა, თბილისში კი - გახუთმაგდა.