ივანიშვილის რეჟიმი კანონმდებლობას ამკაცრებს და ახალ რეპრესიულ პოლიტიკას აცხადებს. ოცნების უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე, ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განცხადებით, "ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით" სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.
"ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ოთხი ასეული ადამიანისგან შემდგარი უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრილი აგენტურული ბირთვი უხეშად არღვევს 4 მილიონი ადამიანის უფლებებს.
სწორედ ამ ანომალიის გამომსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდდბლო ცვლიელებეს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.
დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ მოსახლეობას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნორმებით.
მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები:
1. მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის და შეურაცხყოფისთვის, სასამართლო შესასვლელის ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამოც დღემდე.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება
სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ.
კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისთვის საჯარო მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით, ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით, ეს არის უკვე სასჯელი და არა სახდელი. იზრდება სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში - 5 წლიდან 6 წლამდე.
ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობისთვის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში და ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე.
სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც, ასევე ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის გამკაცრების მიმართულებით" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. რუსთაველის გამზირზე დღეების განმავლობაში აკავებდნენ და სასტიკად სცემდნენ მოქალაქეებს. მათ შორის ჟურნალისტებს. სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 500 დაკავებულიდან 300-ზე მეტს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა.
პოლიციელზე თავდასხმისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს აქციების ათობით მონაწილე. ყველა მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოცნებას 11 იანვრის შემდეგ დაკავებული ჰყავს ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელიც - მან აქტივისტების დაკავებისას ბათუმის პოლიციის უფროსს სახეში გაარტყა, რაც ივანიშვილის სისტემამ სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმად შეაფასა. ამაღლობელი 23-ე დღეა, შიმშილობს.
ჯერ კიდევ დეკემბერში რეჟიმმა აკრძალა შეკრებებზე ნიღბების გამოყენება. სახის დაფარვის, მათ შორის, ე.წ ბალაკლავის ტარების გამო იანვრის თვეში არაერთი აქტივისტი რამდენჯერმე დააჯარიმეს.
სახის დაფარვის გარდა, რეჟიმმა აკრძალა აქციებზე ლაზერის ქონა. ასევე, პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ლიცენზიის გარეშე. ასევე, ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რის შემდეგაც, შენობების ბლოკირება და გზის "ხელოვნურად გადაკეტვა" 5 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო მძღოლს, რომელიც "ორგანიზებულად" გზას გადაკეტავს, მართვის მოწმობის 1 წლით ჩამოართმევენ. გარდა ამისა, "ტერიტორიის იერსახის დაზიანებისთვის" ჯარიმა გაოცმაგდა, თბილისში კი - გახუთმაგდა.