2025 წლის გერმანიის ფედერალური არჩევნები

გერმანიაში პოლიცია საავტომობილო ვანდალიზმის სავარაუდო რუსულ კვალს იძიებს – მედია

გერმანიის პოლიცია გახშირებულ საავტომობილო ვანდალიზმში სავარაუდო რუსულ კვალს იძიებს. გერმანული მედიის ცნობით, საუბარია დივერსიულ კამპანიაზე, რომლის მიზანიც ვანდალიზმის გარემოს დამცველებისა და მწვანეთა პარტიისთვის დაკავშირება იყო.

გასულ კვირებში, ბერლინში და ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, ასევე ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწებში 270-ზე მეტი მანქანის გამონაბოლქვის მილები სამშენებლო ქაფით ამოავსეს. შემდეგ კი დაზიანებულ მანქანებზე დატოვეს სტიკერები, რომელებზეც გერმანიის მოქმედი ვიცეკანცლერი და მწვანეების კანცლერობის კანდიდატი, რობერტ ჰაბეკია გამოსახული და ასევე, წარწერა: "იყავი უფრო მწვანე!".

გამოცემა Spiegel-ის ცნობით, დეკემბერში პოლიციამ რუტინული პატრულირების დროს, ერთ-ერთ ავტომობილში, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, სამშენებლო ქაფის ავზები და ქაფის იარაღი აღმოაჩინა. ცოტა ხნის შემდეგ კი პოლიციას გამონაბოლქვი მილების დაზიანების გამო 43 ადამიანი დაუკავშირდა.

გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას, რობერტ ჰაბეკმა აღნიშნა, რომ მომხდარი მასში გაკვირვებას არ იწვევს და მისი პარტია მსგავს ინციდენტებთან გასამკლავებლად მზადაა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსგავსი ტიპის თავდასხმები მომდევნო 2-2.5 კვირის განმავლობაში გაიზრდება". - თქვა ჰაბეკმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით ოთხი ეჭვმიტანილი ჰყავთ. ქალაქ ულმის პოლიციის სპიკერის თქმით, ვანდალიზმის 123 შემთხვევაზე ეჭვმიტანილები არიან  გერმანელი, სერბი, რუმინელი და ბოსნიელი მამაკაცები.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის თქმით, მას და მის თანამზრახველებს Viber-ის საშუალებით რუსეთის მოქალაქე დაუკავშირდა და თითოეული დაზიანებული მანქანისთვის 100 ევროს დაჰპირდა.

კომენტარები