ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თავდაცვის ძალებს (IDF) მისცა ბრძანება, რომ შექმნან გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის მოსახლეობას ტერიტორიის მოხალისეობრივად დატოვების საშუალებას მისცემს.
როგორც ისრაელის მედიაში წერენ, ამ გეგმის შთაგონების წყარო აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები გახდა. ტრამპმა გასულ დღეებში ღაზის სექტორის მცხოვრებთა სხვა ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
კაცმა მხარი დაუჭირა ტრამპის "გამბედავ გეგმას, რომელიც ღაზის მოსახლეობის დიდ ნაწილს მისცემს საშუალებას გაემართონ მსოფლიოში სხვადასხვა ადგილების მიმართულებით".
"ჰამასი ღაზის მცხოვრებლებს ცოცხალ ფარად იყენებდა და აშენებდა ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მოსახლეობის შუაგულში, ახლა კი ისინი მძევლებად ჰყავს აყვანილი, სძალავს მათ ფულს ჰუმანიტარული დახმარების გამოყენებით და უშლის, რომ ღაზა დატოვონ." - თქვა კაცმა.
ისრაელ კაცის თქმით, ჯარს უბრძანა, რომ მოამზადონ გეგმა, რომელიც სექტორის ნებისმიერ მცხოვრებს მისცემს შესაძლებლობას, გადავიდნენ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მათ მიღებაზე თანახმა იქნება.
კაცმა პოტენციურ მიმართულებებად ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სხვა ქვეყნები დაასახელა. მისი თქმით, ეს სახელმწიფოები აჟღერებდნენ "ცრუ ბრალდებებს" ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თუ ეს ქვეყნები პალესტინელთა მიღებაზე უარს იტყვიან, "მათი თვალთმაქცობა გამჟღავნდება".
"ღაზის მოსახლეობას უნდა შეეძლოს თავისუფლად გასვლა და ემიგრაცია, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია," - თქვა კაცმა და დაამატა, რომ ტრამპის გეგმამ შესაძლოა ხელი შეუწყოს "დემილიტარიზებული ღაზის რეაბილიტაციის გეგმებს", რომელიც "პოსტ-ჰამასის პერიოდში უსაფრთხო იქნება, რასაც მრავალი წელი დასჭირდება".
ისრაელ კაცის ინიციატივას მხარი დაუჭირეს ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერებმაც, ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მინისტრმა, ითამარ ბენ გვირმა.
თავად ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპის იდეას "აღსანიშნავი" უწოდა და თქვა, რომ ეს არის "პირველი კარგი იდეა, რომელიც გაიგო". მისი აზრით, ამ გეგმის შესრულება "ყველასთვის განსხვავებულ მომავალს შექმნის".
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".
ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.





