Meta

რასაც ზაკერბერგი აკეთებს პრობლემატურია, არ მინდა ასოცირებული ვიყო მასთან - ჯესი აიზენბერგი

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა, ჯესი აიზენბერგმა გამოცემა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას აღარ სურს ასოცირდებოდეს კომპანია Meta-ს დამფუძნებელთან, მარკ ზაკერბერგთან, რომლის როლიც აიზენბერგმა 2010 წელს, დევიდ ფინჩერის ფილმ "Social Network"-ში შეასრულა.

აიზენბერგმა ინტერვიუში ისაუბრა Meta-ს მიერ ფაქტჩეკინგის (ფაქტების შემოწმების) გაუქმების საკითხზე და აღნიშნა, რომ რასაც ზაკერბერგი აკეთებს, ძალიან პრობლემატურია.

ცნობისთვის, აქამდე მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანია Meta ე.წ. ფაქტჩეკინგის [ფაქტების გადამოწმების] პროგრამას წყვეტს და მას საზოგადოების შენიშვნების [Community Notes] სისტემით ანაცვლებს - ისეთივე სისტემით, როგორიც პლატფორმა X-ზეა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ Meta აჩერებს ე.წ. "DEI პროგრამებს" [Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა], რაც სამუშაო გარემოში ისეთი ინიციატივების დანერგვას გულისხმობს, რომლის მიზანიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის გაზრდაა.

"მე არ მივსდევდი მის [ზაკერბერგის] ცხოვრების ტრაექტორიას ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ მინდა ასოცირებული ვიყო ასეთ ადამიანთან.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე, თითქოს ვინმე დიდი გოლფის მოთამაშე განვასახიერე და ახლა ხალხი ფიქრობს, რომ მე დიდი გოლფისტი ვარ. 

რასაც ის [ზაკერბერგი] აკეთებს, ძალიან პრობლემატურია - ფაქტჩეკინგის შეწყვეტით, ამ სამყაროში უკვე საფრთხეში მყოფ ადამიანების, კიდევ უფრო საფრთხეში აქცევს.

მირჩევნია ვიყო ადამიანი, ვინც კითხულობს გაზეთებს და დაქორწილებულია ადამიანზე, რომელიც შშმ პირთა სამართლიანობისთვის იბრძვის, ვიდრე ვიყო მსახიობი, რომელმაც ოდესღაც ზაკერბერგის როლი ითამაშა ფილმში

ამ ხალხს მილიარდობით დოლარი აქვთ, იმაზე მეტი ფული, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადამიანს და რას აკეთებენ?" - თქვა აიზენბერგმა.

კომენტარები