Meta

Meta-მ თავის პლატფორმებზე Russia Today-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედიების ქსელები აკრძალა

Facebook-ის მფლობელმა Meta-მ ორშაბათს განაცხადა, რომ RT, Russia Today-სა და სხვა რუსულ სახელმწიფო მედია ქსელებს თავისი პლატფორმებზე კრძალავს, რადგან ისინი იყენებენ მატყუარა ტაქტიკას ფარული გავლენის ონლაინ ოპერაციების განსახორციელებლად.

"ფრთხილი განხილვის შემდეგ, ჩვენ ვაფართოვებთ ზომების მიღებასა და აღსრულებას რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. Russia Today, RT და მათთან დაკავშირებული სუბიექტები ჩვენი აპლიკაციებიდან ამჟამად მთელს მსოფლიოში აკრძალულია უცხოური ჩარევის აქტივობისთვის", - ნათქვამია სოციალური მედიის კომპანიის წერილობით განცხადებაში.
აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება.

Facebook-ის გარდა, Meta-ს აპლიკაციებში შედის Instagram, WhatsApp და Threads.

Meta-მ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც აშშ-მ ამ თვის დასაწყისში RT-ს ორი თანამშრომლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდება წარადგინა.
ამასთან, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა Russia Today-სა და პუტინის სხვა პროპაგანდისტულ მედიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო სანქციები დაუწესა. დასანქცირებულთა სიაში მოხვდა RT-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი, მისი მოადგილე, ელიზავეტა ბროდსკაია და სხვა აღმასრულებელი პირები.

კომენტარები