Meta

Meta 4 წლის წინ დაწყებული დავის დასასრულებლად ტრამპს $25 მილიონს გადაუხდის

Meta-მ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 4 წლის წინ დაწყებული სამართლებრივი დავის გადასაწყვეტად 25 მილიონ დოლარს გადაიხდის.

ტრამპმა 2021 წელს Meta-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფონზე კომპანიამ გადაწყვიტა, ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები დაებლოკა. 

Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ მხარეების შეთანხმების შესახებ განცხადება სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. Meta-ს პრესსპიკერმა ენდი სტოუნმა შეთანხმების პირობებიც დააკონკრეტა: კომპანიის მიერ გადახდილი 25 მილიონი დოლარიდან 22 მილიონი ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდში გადაირიცხება, დანარჩენი კი სხვადასხვა იურიდიული მოსაკრებლის გადასახდელად დაიხარჯება. 

სტოუნის თქმით, შეთანხმება Meta-სგან დანაშაულის აღიარებას არ მოითხოვს. თეთრმა სახლმა შეთანხმებაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 

Meta, სულ მცირე, მეორე მსხვილი კორპორაციაა, რომელმაც ტრამპის მიერ დაწყებული სამართლებრივი დავის მოსაგვარებლად გადაიხადა მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ-ს 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდნეტო არჩევნებში გაიმარჯვა და აშშ-ს პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. 

დეკემბერში ამერიკულმა ტელეკომპანია ABC-მ განაცხადა, რომ გადაიხდიდა 15 მილიონ დოლარს დავის დასასრულებლად, რომელშიც ტრამპი ამტკიცებდა, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთმა წამყვანმა ჯორჯ სტეფანოპულოსმა მას რეპუტაციის შელახვის მიზნით ცილი დასწამა. 

კომენტარები