რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის მიმართ აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ ნაბიჯი გადავდგით – კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალი ჩამოყალიბდეს და დღეს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

კალასმა ამის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების კოალიციის (Core Group) შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომელზეც ტრიბუნალს სამართლებრივი საფუძველი ჩაუყარა და სპეციალური ტრიბუნალის ძირეული სამართლებრივი დოკუმენტის, შუმანის წესდების მონახაზის საკვანძო ნაწილები განისაზღვრა. 

"დღეს ჩვენ დამატებითი ნაბიჯები გადავდგით უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბებისკენ. ომის დანაშაულების შესახებ სასამართლო საქმის წარმოება ICC-ს შეუძლია, თუმცა აგრესიის დანაშაულის შესახებ საქმის დაწყება მხოლოდ სპეციალურ ტრიბუნალს შეუძლია.

აშკარა არის, რომ აგრესიის დანაშაული ხელმძღვანელობის დანაშაულია, ასე რომ, აგრესიის დანაშაულის გარეშე ომის დანაშაულებიც ვერ მოხდებოდა. 

შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აგრესიის დანაშაულისთვის ანგარიშვალდებულება არსებობდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გზავნილი, რომ დაუსჯელი დანაშაულები მხოლოდ დამატებით აგრესიას ახალისებს და ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს სამუშაო, რომ სპეციალური ტრიბუნალის მხრივ წინ წავიწიოთ". - თქვა კალასმა.

ამასთან, დღეს ევროპულმა კომისიამ ევროპულ საბჭოსთვის უკრაინის სარჩელთა საერთაშორისო კომისიის დაარსებაზე ფორმალურ მოლაპარაკებებში ჩართვის შესახებ რეკომენდაცია გასცა. კომისიას დაევალება, შეამოწმოს, შეაფასოს და გადაწყვეტილებები მიიღოს სარჩელების შესახებ, რომლებიც აღრიცხულია ზარალის რეესტრში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგად გამოწვეული ზარალის, ზიანისა და დანაკარგების აღმწერ ორგანოში. საერთაშორისო კომისია ასევე ყოველ საქმეზე ომის მსხვერპლთათვის შესაბამის საჭირო ანაზღაურებას განსაზღვრავს.

"როდესაც რუსეთმა აირჩია, რომ უკრაინის საზღვრებზე თავისი ტანკები შეეყვანა და გაეროს ქარტია დაერღვია, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაული ჩაიდინა: აგრესიის დანაშაული. ახლა სამართალი აღდგება. სამართალი უკრაინისთვის. სპეციალური ტრიბუნალისთვის სამართლებრივი საფუძველი შევქმენით. ასევე, ვერ იქნება სამართალი ანაზღაურების გარეშე. რუსეთმა თავისი აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს და საზღაური უნდა გადაიხადოს. პირველი ნაბიჯი გადავდგით სარჩელების კომისიისკენ, რომელშიც EU მონაწილეობას მიიღებს. ეს ახალი ორგანო განსაზღვრავს სარჩელებს, რომლებიც ზარალის რეესტრში არის აღრიცხული". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

გარდა ამისა, ტრიბუნალის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯები ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ შეაქო.

სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდება და უფლებამოსილი იქნება, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე პასუხისმგებელი რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები გაასამართლოს. 

ევროკომისიის ვებგვერდის თანახმად, სარჩელთა საერთაშორისო კომისიის შესახებ მოლაპარაკებების პირველი ტალღა 2025 წლის მარტის ბოლოს დაიწყება.

2023 წელს შექმნილი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების კოალიცია (Core Group) 40 სახელმწიფოს იურისტებს მოიცავს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებასთან, ევროკომისიასთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობენ.

კომენტარები