გერმანია

გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი ემოციური გამოფიტვის გამო საავადმყოფოში იმყოფება

გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი
AP Photo/Gregor Fischer, Pool, File

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს, DPA-ს ცნობით, გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი ემოციური გამოფიტვის სამკურნალოდ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც სააგენტო იტყობინება, შროდერის ადვოკატმა, ჰანს-პეტერ გუბერმა დაადასტურა, რომ გერმანიის ყოფილი პრემიერი საავადმყოფოში ექიმის რჩევით მივიდა.

DPA ექიმის შეფასებას ავრცელებს, რომლის თანახმად შროდერს აქვს "მძიმე გამოფიტვის სინდრომი, ძლიერი გადაღლისა და ენერგიის გამოკვეთილი ნაკლებობის ტიპიური სიმპტომებით" და "კონცენტრაციისა და მეხსიერების სირთულეები, ასევე ძილის პრობლემები" აწუხებს.

შროდერს, რომელიც 1998-2005 წლებში გერმანიის კანცლერის თანამდებობას იკავებდა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ენერგოკომპანიებთან ხანგრძლივი კავშირის გამო გერმანიამ პრივილეგიები ჩამოართვა.

გერმანიის ყოფილ კანცლერს პუტინთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც მის კრიტიკაზე უარს ამბობს. შროდერი რუსეთსა და გერმანიას შორის გაზსადენების, Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის მშენებლობაში იყო ჩართული და Rosneft-ის სამეთვალყურეოს საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, თუმცა, მოგვიანებით, გადადგა.

გასულ თვეს გერმანიაში შროდერი რუსეთსა და გერმანიას შორის გაზსადენის, Nord Stream 2-ის მშენებლობის შესახებ უნდა გამოეკითხათ, თუმცა ის ავადმყოფობის გამო არ გამოცხადებულა.

Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის აფეთქებების შესახებ ცნობები 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო.

კომენტარები