ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო პლატფორმა X-ზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ევროპელი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტის დეპუტატები მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
"ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული რეპრესიების ფარგლებში, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და რომელიც ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა". - წერია განცხადებაში
პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და სხვა ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებებით იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს არ მიეწოდება ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ადგილი აქვს დამამცირებელ მოპყრობას მის მიმართ.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას". - წერენ ევროპელი პოლიტიკოსები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელისთვის "უცხოეთიდან დაფინანსებულ" ჟურნალისტად გამოცხადება და მისი პროფესიული რეპუტაციის შელახვა კიდევ ერთი მანევრია, რომელიც ევროატლანტიკური გზიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში საუბარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზეც, რომელიც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად არის მოხსენიებული.
"ქართველი ხალხი არ გაჩუმდება და არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ". - წერია განცხადებაში.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, საჭირო ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლო დროს მიღებული არალეგიტიმური კანონების გაუქმებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებსა და ევროკავშირს, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სულხან თამაზაშვილზე". - წერენ ევროპარლამენტარები.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის სენატის წევრი პაველ ფიშერი; პოლონეთის პარლამენტის წევრი რადოსლავ ფოგელი; ფინეთის პარლამენტის წევრი იუკა კოპრა; შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოთბერგი; ესტონეთის პარლამენტის წევრები ერიკ-ნილს კროსი და მარკო მიხელსონი; საფრანგეთის პარლამენტის წევრი ფრედერიკ პეტი; იტალიის პარლამენტის წევრი ლია კვარტაპელე; ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი; ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი; უკრაინის პარლამენტის წევრები: ევგენია კრავჩუკი, ალექსანდრე მერეჟკო და მარია მეზენცევა-ფედორენკო;
ევროპარლამენტარები: მაიკლ გალერი, ბერნარდ გეტა, რასა იუკნევიჩიენე, რიჰადს კოლსი და ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი;
განცხადებას უერთდებიან საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი.