კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, როდესაც პოლიციის შენობაში დაკავებული იყო, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ჩოქურმა წიხლი ჩაარტყა.
მელია ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში 2013 წლიდან არის ჩართული და ბევრჯერ დაუკავებიათ, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება დაკავების შემდეგ არასდროს არ ჰქონია.
ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ ჩოგური შსს-ს სხვა თანამშრომლებმა შეაკავეს და "შუაში ჩადგნენ".
კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ხაზს უსვამს, რომ ადამიანების წამება ქართული ოცნების ხელწერა არის და "ე.წ. მინივენებში, ე.წ. მარშრუტკებში ტენიან".
მელია პარტია საქართველოსთვის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ მომხდარის ვიდეოჩანაწერს არ მისცემენ, მაგრამ მმართველ პარტიას მოუწოდებს, თუკი მის ნათქვამს შეეწინააღმდეგებიან, რომ ჩანაწერი გამოაქვეყნონ.
"მე 12 წელიწადია, 2013 წლიდან ვარ ამ პოლიტიკურ პროცესებში, მე ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს [...] ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასოდეს არ მქონია, მაგალითად, პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი პოლიციელთან და დაპირისპირება ფიზიკური პოლიციის შენობაში დაკავების შემდეგ, ხელბორკილდადებულს არასდროს არ მქონია, დღეს ეს მქონდა.
ისანი-სამგორის სამმართველოს შენობაში, ე.წ. შუშებიან შენობაში გახლდით დაკავებული ხელბორკილებით და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე გიორგი ჩოქური, ასე სახეზე ვცნობდი მე ამ ადამიანს, აქციებზე ის აქტიური ბიძინისტია, როგორც ირკვევა, ამ ადამიანთან მქონდა, მოკლედ, შელაპარაკება და რა საკითხებთან დაკავშირებით მექნებოდა, გასაგებია, ჰო.
მოკლედ, ხელბორკილდადებული ვიჯექი და ეს კადრები შეიძლება ამოიღონ, მაგრამ საკუთარ ყოფილი პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ზონდერებმა მათი დავალებით ნახეთ ხომ რა მოუწყეს, რა პროვოკაცია, ბათუმში და დღემდე არ აღირსეს ეს ვიდეოჩანაწერი და ამ ვიდეოჩანაწერს ვინ მოგვცემს, მაგრამ, აი, თუ ამ ჩემს ნათქვამს, ახლა რასაც ვიტყვი, ესენი შეეწინააღმდეგებიან, მარტივად, კადრები გამოაქვეყნონ.
სკამზე მჯდომ ადამიანს, ხელბორკილდადებულს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს, გესმით, წიხლს - ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მეტია, ხომ, შენობაში, დაკავებული... რა მნიშვნელობა აქვს, საერთოდ რომ ადამიანის მკვლელობაზე ვიყო დაკავებული? [...]
რა გვიკვირს, ახლა ნაწამები არიან ადამიანები, ნაწამები არიან და ეს არის მათი ხელწერა, ე.წ. მინივენში, ე.წ. მარშრუტკებში ტენიან, დღესაც იგივე გააკეთეს მე მგონი, რასაც მეგობრები ეხლა მიყვებიან, ეს არის მათი ხელწერა, მაგრამ ე.წ. გამჭვირვალე შენობაში როდესაც სამმართველოს უფროსის მოადგილე, მე მგონი ისნის პოლიციის უფროსია, გიორგი ჩოქური, მოვწონვარ, არ მოვწონვარ, იმას რომ ბედავს, რომ წიხლს დაკავებულს ურტყამს და საკუთარი თანამშრომლები რომ არა... უნდა ითქვას ეს სამართლიანობისთვის, რომ შუაში ჩადგნენ - ეს არის მოცემულობა, რაზეც დგას ივანიშვილი. და ეს მოცემულობა შეიცვლება, ასე ვერ იქნება". - თქვა მელიამ.
ტაბულასთან საუბრისას მელიას ადვოკატმა თქვა, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავის "განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას" გულისხმობს. ადვოკატის თქმით, მელია ხელწერილის დაწერის გარეშე გამოუშვეს.





