დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

მარკო რუბიო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით პანამას ეწვევა

მარკო რუბიო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით პანამას ეწვევა. პანამის შემდეგ რუბიო ჩავა სამხრეთ ამერიკის 4 სხვა ქვეყანაშიც - ელ სალვადორში, კოსტა რიკაში, გვატემალასა და დომინიკის რესპუბლიკაში.

პანამაში რუბიოს ვიზიტი ფოკუსირებული იქნება აშშ-ში მიგრაციის შეზღუდვაზე, რეგიონში ჩინური გავლენების შემცირებასა და დონალდ ტრამპის ინიციატივის წინ წამოწევაზე, რომლის მიხედვითაც პანამის არხზე კონტროლი აშშ-მ უნდა დაამყაროს. 

"ეს ჭეშმარიტად ისტორიული ვიზიტი იქნება, რომლითაც სახელმწიფო მდივანი რუბიო რეგიონს ეწვევა. არ შემიძლია, საკმარისად ხაზგასმით აღვნიშნო ამ ვიზიტის ისტორიული ბუნება და თუ როგორ ეხმიანება ის პრეზიდენტ ტრამპის ზოგად გზავნილს ამერიკათა ოქროს ხანის შესახებ". - თქვა ლათინურ ამერიკაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა მაურისიო კლავერ-კარონემ. 

2024 წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოხატა სურვილი, რომ აშშ-ს პანამის არხზე კონტროლი აღედგინა. როგორც ტრამპი ამბობს, პანამის არხს ამ დროისთვის ჩინეთი აკონტროლებს, რაც მისთვის მიუღებელია. მიმდინარე წლის იანვარში, პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არხზე კონტროლის აღდგენისთვის სამხედრო ჩარევასაც არ გამორიცხავდა. მისი თქმით, "პანამის არხი ჩინეთისთვის არ მიგვიცია, ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ".

თვითონ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურვილი, იყიდოს გრენლანდია და დაიბრუნოს კონტროლი პანამის არხზე ლეგიტიმური ეროვნული ინტერესებიდან და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარეობს.

რუბიოს თქმით, ჩინეთს აქვს დიდი ინვესტიციები ჩადებული პანამის არხის პორტებში, რაც ქმნის საფრთხეს, კონფლიქტის შემთხვევაში ჩაკეტოს დერეფანი აშშ-ის ფლოტისთვის. 

“თუ ჩინეთის მთავრობა კონფლიქტის დროს მოუწოდებს მათ, ჩაკეტონ არხი, მათ ამის გაკეთება მოუწევთ. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ამის გეგმა აქვთ, ამიტომაც ეს პირდაპირი საფრთხეა” – თქვა რუბიომ.

კომენტარები