მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილის წარმომადგენლების, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძის მხრიდან მასზე ძალადობის შესახებ ისაუბრა.
გაბიტაშვილმა თქვა, რომ მასთან ზარქუას მისვლისა და თავდასხმის ვიდეო დაგეგმილი იყო და ვიდეოში ისმის, რომ გადამღები მას შეურაცხყოფას აყენებს. მისივე თქმით, ეს ვიდეო თავდამსხმელებმა ჯგუფებში გასაზიარებლად სჭირდებოდათ, რათა გაევრცელებინათ, რომ გაბიტაშვილი "დასაჯეს".
"არაფერი ფიზიკური შეხლა, პირველ დღეს არაფერი არ მომხდარა მასეთი. [...] სასტუმროში აღარ შევხვედრილვართ [...] მეორე დღეს, რა თქმა უნდა, საუზმეზე ჩავედი. ანუ, ძალიან კარგად მესმოდა, რომ შეიძლებოდა კიდევ რაღაც ინციდენტი მომხდარიყო, მაგრამ, ნუ, ეს ჩემი მხრიდან არ მოდიოდა [...] შესაბამისად, რომ ჩავედი, იქ არავინ არ იყო, ის პირები, რომლებიც მაგიდასთან იყვნენ. დავჯექი ჩემთვის, მე და ჩემი ცოლი, და მალევე, ძალიან მალევე გამოჩნდა ზარქუა. [...]
ტელეფონისკენ წავიღე ხელი და ჰა, რა ტელეფონის კიდებ ხელსო და ეგრევე, საჭმელი კი არ შემაყარა, თეფშის ჩარტყმა უნდოდა [...] ოღონდ, რა არის საინტერესო, იცით? რომ ეს ყველაფერი, გადაღებული რაც არის, მონტაჟი იყო - მონტაჟი, რა, ანუ, ვიღაც ოპერატორი დადგა ცალკე, უკვე ეს დაგეგმილი იყო იმიტომ, რომ ის ვიდეო, რაც გავრცელდა, როგორ მოდის ირაკლი ზარქუა, ჩემი გადაღებული არ იყო, ეს ჩვენი გადაღებული, ჩემი გადაღებული [არ იყო], მე და ჩემი ცოლი ვიყავით მარტო, სხვა არავინ გვყოლია [...]
ანუ, ეს თემა გადაიღო წინასწარ იმიტომ, რომ ამ ვიდეოში, რომ იღებს, შეურაცხყოფას მაყენებს ის, ვინც იღებს. მერე ეს თავისი ჩეთისთვის ჰქონდათ, თავის ჯგუფებში რომ გაევრცელებინათ, რომ მე დამსაჯეს გუშინდელი ამბის გამო". - თქვა გაბიტაშვილმა.
გაბიტაშვილის თქმით, ვიდეოს გადაღება "დასჯის" ჩვენების მიზნით მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორისთვის, ზვიად "ხარება" ხარაზიშვილისთვის გადაღებულ ვიდეოებს ახსენებს. გაბიტაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გადაღებული ვიდეოთი ჩანს, რომ ზარქუას სინამდვილეში ოჯახი და ბავშვები ნაკლებად ადარდებს, რადგან თავდასხმის ადგილას თოთო ბავშვი იჯდა, რომელსაც საფრთხე შეუქმნა.
"მე როგორი ასოციაცია გამიჩნდა, იცით, ხარებასთვის რომ სცემენ, ვიდეოებს რომ უღებენ და მერე რომ უგზავნიან, აი, რომ ჩაიბარეთ, ხომ ჩაგვეთვალა ეს, რომ ამას გავუსწორდით [...] მაგრამ მადლობა, რომ გადაიღეს, რადგან ეს ცალსახად სურათს შლის, რომ ადამიანს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ოჯახი, შვილი, ცოლი, იქ ბავშვს უქმნი საფრთხეს, იქ პატარა ბავშვი, თოთო ბავშვი იჯდა, რომელსაც საფრთხე შეუქმნა". - თქვა გაბიტაშვილმა.
მოქალაქე ყურადღებას ამახვილებს, რომ მას სამი არალეგიტიმური დეპუტატი დაესხა თავს, რომლებსაც ქვეყნის ბედი აბარიათ.
"სამი დეპუტატი, არალეგიტიმური პარლამენტის - თქვენ სადმე გინახავთ, რომელიმე ქვეყანაში - მე არ მინახია - რომ პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის ბედია აბარიათ, რომლებსაც აბარიათ კანონები, ქვეყანა როგორ მართონ, როგორ განვითარდეს ქვეყანა, ჯგუფურად დაგეგმილად თავს ესხმიან ჩვეულებრივ მოქალაქეს?" - თქვა გაბიტაშვილმა.
13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან.
22 იანვარს, ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე 80 000-ლარიანი ჯარიმების საფუძველზე თბილისში დაბრუნდნენ.