მოქალაქე ანი ბედელიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი მეგობარი, აქტივისტი დათო ფუთურიძე პოლიციამ გზიდან აიყვანა და მასთან თორმეტი საათიდან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. ამასთან, ბედელიძის თქმით, პოლიციამ ასევე ქუჩიდან აიყვანა ფუთურიძის მეგობარიც, აქტივისტი ნიკოლოზ ლაცაბიძე.
"დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ ვაჟაზე (გზაზე გააჩერეს). თორმეტი საათიდან ვერ უკავშირდებოდნენ. ახლა მის სახლს ჩხრეკს პოლიცია. როგორც ამბობენ, პულვერიზატორებით მოხატვის გამო. ამ დრომდე ვეძებთ დათოს მეგობარს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს, რომელიც ასევე აიყვანეს ქუჩიდან, ორივე იყო მარტო". - წერდა ბედელიძე.
არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა ტარდება. TV პირველთან საუბრისას ნიკოლოზ ლაცაბიძის მამამ თქვა, რომ მისი შვილი აქციებზე სიარულის გამო ისჯება. ტელეარხთან საუბრისას მსგავსი ვარაუდი ლაცაბიძის მეგობარმაც გამოთქვა.
TV პირველის ინფორმაციით, ჩხრეკის მიუხედავად ლაცაბიძეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონია. გარდა ამისა, ტელეარხის თანახმად, ჩხრეკა ტარდება ფუთურიძის სახლშიც.
შსს-მ ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ "საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაადგინა და მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", ხოლო გამოძიება სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
სისხლის სამართლის 239-ე პრიმა მუხლი "ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას" ეხება.
"რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს". - წერია პირველ პუნქტში.