პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ Facebook-ლაივში პასუხები გასცა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს. ერთ-ერთი კითხვა რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საფრთხეს ეხებოდა.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის გათვლა, რომ რუსეთი საქართველოში სრულმასშტაბიან ომს არ დაიწყებს და ამის გამო, ქვეყნის ყველა, განსაკუთრებით სამხედრო, თვალსაზრისით დასუსტება, ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი უპასუხისმგებლობის ნათელი მაგალითია.
"[12 წლის განმავლობაში] რუსეთის მხრიდან არ ყოფილა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მცდელობა, მაგრამ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ოკუპაციის გაფართოება, ჩვენი მოქალაქეების მოტაცება, მკვლელობა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში და ამ რეჟიმის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ეს საფრთხეები გაგვიზარდა, კი არ შეგვიმცირა. ყველაზე უფრო ნათელი მაგალითია გიგა ოთხოზორიას შემთხვევა, სადაც საპოლიციო დანაყოფების გაწევამ იმ ტერიტორიიდან, რომელიც არ არის ოკუპანტის კონტროლის ქვეშ და ზოგადმა დამოკიდებულებამ ჩვენი ხელისუფლებისა, ჩემი აზრით, გაზარდა ის საფრთხეები, რისი შედეგიც იყო მკვლელობა ჩვენი მოქალაქის საოკუპაციო ხაზზეც კი არა, ჩვენს მხარეს.
[...] ჩემთვის ნათელია, ვითარებიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, რუსეთი საქართველოს შიგნით თავის პოზიციებს იძლიერებდა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, საქართველო სუსტდებოდა საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით, ხდებოდა ის რაც რუსეთს აწყობდა და რუსეთი ამ პერიოდში დაკავებული იყო დიდი სამხედრო აგრესიის დაგეგმვით და განხორციელებით უკრაინის წინააღმდეგ, თავისი რესურსების დიდი ნაწილი იქ ჰქონდა და აქვს გადასროლილი, ასევე სირიაშიც ისარგებლა, ჩემი აზრით, დასავლური სამყაროს ფუნდამენტური შეცდომებით და იქაც თავისი სამხედრო გავლენა გააძლიერა, მაგრამ მთავარი საკითხი იყო და არის სრულფასოვანი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მასშტაბის თვალსაზრისით ევროპის ტერიტორიაზე უპრეცედენტო აგრესია უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.
[...] ამ პირობებში, ლოგიკურია, რომ სანამ ამ პროცესში იყო, რომელიც დაიწყო 2014 წელს, ჯერ ყირიმის ოკუპაციით, მერე ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებით და ახლა 3 წლის წინ სრულფასოვნად განახლებით, ამ პროცესში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათთვის არ იყო დიდი პრიორიტეტი აქ სამხედრო რესურსის დახარჯვა, მაშინ, როცა ის ხელისუფლება, რომელიც საქართველოში მოვიდა 2012 წლის არჩევნების შედეგად, დგამდა იმ ნაბიჯებს, რაც ასუსტებდა საქართველოს და ნებისმიერი პოტენციური აგრესიისთვის ქმნიდა რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებს.
[...] ჩვენს შემთხვევაში და ამ რეჟიმის შემთხვევაში, პირველი და ყველაზე ლოგიკური დასანახი სურათი არის ის თუ რა პრიორიტეტი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში რუსეთს და რას ხედავდა საქართველოში, რომ ეს ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს რეჟიმი დგამს შედის სტრატეგიულად მათ ინტერესებში და მათი ინტერესია არ დაშვება წარმატებული სახელმწიფოებრიობის და ამისთვის სჭირდებათ, რომ საქართველო იყოს იზოლირებული, დასუსტებული და იყოს განწყობა, რომ ჩვენ ვერ გვექნება დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, რეალურად, რასაც მოაქვს კატასტროფული შედეგები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
[...] ჩვენ ვიცით ის ძალები, ვინც არიან ივანიშვილის რეჟიმის ღია მოკავშირეები და ამ რეჟიმის ნაწილი, ვინც არც კი მალავს პუტინის რუსეთთან კონტაქტს, საუბრობენ, რომ რუსეთს უნდა მივცეთ სამხედრო ბაზები, ეს რას ნიშნავს ყველას ესმის, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ რუსეთი იქნება კურატორი ჩვენი ცხოვრების. სხვადასხვა მაგალითები გვაქვს ამის, ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიებზე რა ვითარებაა, როგორ მიჰყავთ ადამიანები რუსეთის ომებში სასიკვდილოდ; ბელორუსი, შუაგულ ევროპაში ქვეყანა, რომელიც ჯოჯოხეთშია ფაქტობრივად; კადიროვის მმართველობა დაღესტანში. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რა ხდება რუსეთის გავლენების მქონე ქვეყნებში.
[...] თუ ვიცით, რომ მტერს აქვს ამოცანა, რაც ვიცით რომ ასეა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურების, როცა ეს იცი, თუ შენ თავს ისუსტებ და მას პოზიციებს უძლიერებ ქვეყნის შიგნით, თუ მოკავშირეების გარეშე რჩები, ამით იზრდი საფრთხეს ნებისმიერ მომენტში. ლოგიკურად შეგვიძლია ამაზეც ვთქვათ, რომ უკრაინაში ნებისმიერი სახით პაუზა თუ იქნა და თუ ამას არ მოყვა რეჟიმის ჩამოქცევა რუსეთში, რისი იმედიც გვაქვს რომ მოხდება, მაშინ ჩვენ შეიძლება მყისიერი სამიზნე გავხდეთ და გათვლა იმაზე, რომ ეს ასე არ მოხდება და დასუსტება თავის, არის მოღალატეობრივი უპასუხისმგებლობა და ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამას აკეთებს". - თქვა ბოკერიამ.