ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის განცხადებიდან თვეების შემდეგ ჰამასმა სამხედრო ლიდერის სიკვდილი აღიარა

30 იანვარს, ჰამასის სამხედრო ფრთის სპიკერმა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედად მიჩნეული მოჰამედ დეიფის სიკვდილი დაადასტურა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დეიფის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის ზაფხულში გაავრცელა.

დეიფი ისრაელის სამიზნე 2024 წლის 13 ივლისს გახდა. 58 წლის მოჰამედ დეიფი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იზ ალ-დინ ალ-კასამის ბრიგადის მეთაური იყო. ისრაელი მას დიდი ხანი ეძებდა. ის მიიჩნევა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედად. ამ მოვლენას ისრაელის 1200-მდე მოქალაქე ემსხვერპლა, 251 კი მძევლად აიყვანეს და გაიტაცეს.

იქამდე ისრაელმა დეიფის უვნებელყოფა 2021 წელს ღაზაში მიმდინარე ომის დროს სცადა, თუმცა მის ნაცვლად მისი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლეს. დეიფი ისრაელის სამიზნე იყო 2001, 2002, 2003 და 2006 წლებშიც. გავრცელებული იყო ცნობები, რომ 2006 წლის იერიშის შემდეგ მან ფეხები დაკარგა, რაც შემდეგში უარყვეს.

კომენტარები