ისრაელის მთავრობის პრესსპიკერის, დევიდ მენსერის თქმით, ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, პირველ ფაზაში გასათავისუფლებელი 33 ისრაელელი მძევლიდან 8 ცოცხალი აღარ არის.
ჰამასმა ისრაელის მთავრობას სია გაუგზავნა, რომლის თანახმადაც პირველ ფაზაში ისრაელს 33-დან 25 მძევალი დაუბრუნდება ცოცხალი.
მენსერის თქმით, ტერორისტული დაჯგუფება ამტკიცებს, რომ 25 მძევალი ნამდვილად ცოცხალია.
მძევლების შემდგომი გაცვლა 30 იანვარსა და 1-ელ თებერვალს მოხდება.
ღაზაში, ჰამასის ტყვეობაში 87 ისრაელელი მძევალი რჩება. ისრაელის ხელისუფლების ვარაუდით, მათგან დაახლოებით 34 ცოცხალი აღარ არის - ისინი ან თავდაპირველი თავდასხმის დროს ან ტყვეობაში დაიღუპნენ.
ისრაელსა და ჰამასს შორის 15-თვიანი ომის შემდეგ დადებული შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, ისრაელში ჯერჯერობით 7 მძევალი დაბრუნდა.