დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა აშშ-სთვის "რკინის გუმბათის" თავდაცვითი ფარის შექმნის ბრძანება გასცა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ამერიკისთვის "რკინის გუმბათის" სარაკეტო თავდაცვითი ფარის სისტემის შექმნას ისახავს მიზნად.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, აშშ-ს პოლიტიკა იქნება, რომ "მომდევნო თაობის თავდაცვითი ფარის განთავსებითა და შენახვით თავის მოქალაქეები საერთო თავდაცვით უზრუნველყოს".

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ბრძანებაში ისრაელის მიერ გამოყენებული "რკინის გუმბათის" მსგავსი საჰაერო თავდაცვითი სისტემის შექმნაზე საუბრობს, რომელიც მოკლე რადიუსის რაკეტების ჩამოსაგდებად გამოიყენება, მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჭიროა, ახალმა სისტემამ "ბალისტიკური, ზებგერითი, მაღალტექნოლოგიური ფრთოსანი რაკეტებისა და მომდევნო თაობის საჰაერო თავდასხმების" მოგერიებაც შეძლოს.

ამასთანავე, ბრძანების ფარგლებში, ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს დაავალა, რომ 60 დღის განმავლობაში "მომდევნო თაობის სარაკეტო თავდაცვითი ფარის" შექმნასთან დაკავშირებით შესაბამისი გეგმები წარუდგინოს.

გამოცემა Times-ის ცნობით, ტრამპმა ფლორიდაში გამართულ შეხვედრაზე კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს წინასწარ აცნობა, რომ აღნიშნული ბრძანების გაცემას აპირებდა.

"ჩვენ გვჭირდება, რომ მყისიერად დავიწყოთ უმაღლესი დონის რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვითი ფარის შექმნა, რომელსაც ამერიკელების დაცვის უნარი ექნება". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ამერიკას "ფენომენური ტექნოლოგია აქვს... ვფიქრობ, აშშ ამას იმსახურებს".

ამას გარდა, ტრამპის თქმით, ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემა "აშშ-ში იქნება დამზადებული".

აღსანიშნავია, რომ ტრამპი ამერიკისთვის მსგავსი თავდაცვით ფარის შექმნის იდეით პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც გამოვიდა.

კომენტარები