გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი 3 თებერვლის 15:00 საათამდე გადაიდო. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე წარდგება ოკმელაშვილი დასკვნითი სიტყვით.
"რეპლიკებით წარვდექით ორივე მხარე, რის შემდეგაც სასამართლომ თავსი ინიციატივით გადადო სხდომა, იმ მოლოდინით, რომ შესაძლოა, ბრალდების მხარეს ჰქონდეს შემოთავაზება დაცვის მხარის მიმართ.
დაცვის მხარის პოზიცია ცალსახაა, რომ გიორგი ოკმელაშილი არის უდანაშაულო, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ეს სასამართლომაც ძალიან კარგად იცის, ამიტომაც გამოთქვამს ვარაუდს და იმედს, რომ ამ პირობებში, შესაძლოა, ჩვენს მიმართ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ეს ბრალდების მხარის ინიციატივა უნდა იყოს, ჩვენი მხრიდან ინიციატივა არ არის საჭირო, იმიტომ რომ დაცვის მხარის პოზიცია ცალსახაა და ეს მტკიცებულებებითაა გამყარებული.
სასამართლოს ამ ვითარებაში, ბუნებრივია, უჭირს გამამტყუნებელი განაჩენს დადგენა. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში დევს მთავარი მოწმის ცრუ ინფორმაცია და ამაზეა აგებული ბრალდება. ამიტომ მან გამოთქვა ინიციატივა სხდომა კიდევ ერთხელ გადადებულიყო და მოუწოდა ბრალდების და დაცვის მხარეს, რომ იქნებ ჩვენს შორის შედგეს გარკვეული სახის მოლაპარაკება" - თქვა გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატმა, კობა ბარიამიამ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ.
ყოფილი მორაგბე, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს, 17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდეს.
ოკმელაშვილს პოლიციელზე ძალადობას, ასევე მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავებოდნენ, მეორე ბრალდება (მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა) დაცვის მხარის მოთხოვნით ოკმელაშვილს 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოუხსნეს.