ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დანიშნული რექტორი, ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ის ნებისმიერი სტუდენტის გვერდით იქნება.
"აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და რექტორად ამირჩია. მე შევეცდები, უნივერსიტეტი დაბალანსებული იყოს. ეს არის უმაღლესი საგანმანათლებლო სტრუქტურა, სადაც როგორც სტუდენტს, ასევე ლექტორს, განვითარების, სწავლისა და მუშაობის თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს. მე ნებისმიერი სტუდენტის გვერდით ვიქნები - ნებისმიერი სტუდენტის ინტერესი ყველა დონეზე გასათვალისწინებელი იქნება. ერთი სტუდენტისაც კი". - თქვა აროშიძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელი, ტიტე აროშიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დღეს, 21 იანვარს დანიშნეს. მას არჩევნებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უმრავლესობამ ფარული კენჭისყრით დაუჭირა მხარი.
რექტორის არჩევნები საპროტესტო აქციის პარალელურად, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტების ნაწილი არჩევნებში ტიტე აროშიძის მონაწილეობას აპროტესტებდა. მათ იმ კარზე, სადაც საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, საპროტესტო სტიკერებიც გააკრეს.
ტიტე აროშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ფრაქცია ქართული ოცნების წევრია.