აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალური ოფისის დაკავების პირველ დღეს მრავალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა.
ტრამპმა, მათ შორის, აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იმიგრაციის კონტროლი გაამკაცრა და დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპი უკანონო მიგრანტების შვილებისთვის გააუქმა.
ამასთან, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც "პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მთავრობის" გამოყენების დასრულებას ისახავს მიზნად, გასცა დირექტივა "სიტყვის თავისუფლებისა და მთავრობის ცენზურის აღმოფხვრის" შესახებ და შეიწყალა თითქმის ყველა, დაახლოებით 1 500, პირი, ვისაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.
გარდა ამისა, ტრამპმა TikTok-ის აკრძალვა 75 დღით გადაავადა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE) შექმნა, "გენდერის იდეოლოგიის" ხელშემწყობი ყველა სამთავრობო პროგრამა შეაჩერა, ბაიდენის ადმინისტრაციის რიგი ზომები გააუქმა, მექსიკის ყურისთვის "ამერიკის ყურის" დარქმევის შესახებ ბრძანება გასცა და აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოიყვანა.
ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში რიგი ზომები მიიღო, მათ შორის, მან აშშ-ს არმიას საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება დაავალა და თავშესაფრის მაძიებლებზე ზოგადი აკრძალვა გამოსცა.
არალეგალური იმიგრაციის ეროვნულ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებით, ტრამპმა პენტაგონს უბრძანა, რომ საზღვარზე კედლის აშენების, საპატიმრო სივრცეებისა და მიგრანტების ტრანსპორტირების მხრივ მხარდაჭერა უზრუნველყოს. ტრამპმა ასევე თავდაცვის მინისტრს უფლებამოსილება მიანიჭა, რომ ჯარისკაცები საჭიროებისამებრ საზღვარზე გაგზავნოს.
"საფრთხეები ჩვენი ერის სუვერენულობის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება, და არსებითი მნიშვნელობისაა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა მედგრად გააგრძელოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის თავდაცვაში მონაწილეობის მიღება". - თქვა ტრამპმა.
თავის მხრივ, პენტაგონმა განაცხადა, რომ ის "სრულად ერთგულია, შეასრულოს მთავარსარდლისგან წამოსული ბრძანებები, და ასეც იქცევა მყისიერად მისი ლიდერობის ქვეშ".
ამას გარდა, ტრამპმა მის ადმინისტრაციას მოუწოდა, აღადგინოს "მექსიკაში დარჩენის" პროგრამა, რომელიც არამექსიკელ მიგრანტებს მექსიკაში ლოდინს აიძულებდა მანამ, სანამ აშშ-ში მათზე საქმეებს განიხილავდნენ.
ამასთანავე, ტრამპმა ნარკოკარტელები და ბანდები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.
ასევე, ტრამპის განკარგულებებში წერია, რომ უკანონო მიგრანტის მიერ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც სიკვდილით ისჯება, სიკვდილით დასჯა უნდა იყოს გამოყენებული. ბრძანებაში განსაზღვრულია, ვის წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული სიკვდილით დასჯა. სიკვდილით ისჯება ასევე სამართალდამცავის მკვლელობა.
ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმების შესახებ გამოცემიდან 30 დღეში ამოქმედდება.
აშშ-ს პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებით, აშშ-ს მოქალაქეობა და პასპორტები არ მიენიჭებათ აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს, თუ მათი რომელიმე მშობელს ქვეყნის მოქალაქეობა, მწვანე ბარათი (Green Card) ან მუდმივი ცხოვრების ნებართვა არ აქვს.
"აშშ-ს მოქალაქეობის პრივილეგია ავტომატურად არ ვრცელდება აშშ-ში დაბადებულ პირებზე (1) როდესაც ამ პიროვნების დედა აშშ-ში უკანონოდ იმყოფებოდა და მამას ამ პირის დაბადებისას აშშ-ს მოქალაქეობა ან კანონიერი მუდმივი ცხოვრების ნებართვა არ ჰქონდა, ან (2) როდესაც ამ პირის დაბადებისას დედამისი აშშ-ში კანონიერად, თუმცა დროებით იმყოფებოდა (მაგალითად, თუმცა არა მხოლოდ, აშშ-ში უვიზო პროგრამის ფარგლებში ან სტუდენტური, სამუშაო ან ტურისტული ვიზით იმყოფებოდა) და მამა დაბადების დროს აშშ-ს მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი მცხოვრები არ იყო". - წერია ბრძანებაში.
აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე დაიბადება, ამერიკის მოქალაქეა. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1898 წლის გადაწყვეტილებით, ეს შესწორება უცხოელი მშობლების აშშ-ში დაბადებულ შვილებზეც ვრცელდება. ამის გამო, ტრამპის ბრძანებას დიდი ალბათობით სამართლებრივი დაბრკოლებები შეხვდება.
თუმცა, ბრძანების ზოგიერთი მხარდაჭერის მიხედვით, ოპოზიციური ჯგუფების საჩივრების შედეგად 1898 წლის გადაწყვეტილება შეიძლება უზენაესი სასამართლოს მიერ გადაიხედოს და შეიცვალოს.
TikTok-ზე გამოცემული განკარგულების ფარგლებში ტრამპმა დირექტივა მისცა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს, არ აღასრულოს TikTok-ის აკრძალვის შესახებ მიღებული კანონი, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.
კანონს ხელი ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აპრილში მოაწერა და იგი 19 იანვრიდან დაწყებული აშშ-ში TikTok-ის აკრძალვას გულისხმობდა იმ შემთხვევაში, თუკი პლატფორმა ამერიკელ ან მოკავშირე ქვეყნის მყიდველზე არ გაიყიდებოდა.
ამასთანავე, კანონი ფართო მოქმედების სივრცეს ანიჭებს პრეზიდენტს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღსრულდეს აკრძალვა. ინაუგურაციამდე ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე პირობა დადო, რომ TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულებას დროებით გადაავადებდა და დაამატა, რომ მისი ბრძანებით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება.
ამავე პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს, "TikTok-ის გადასარჩენად" აშშ პლატფორმის 50%-იან წილს დაეუფლოს და "ძველ ან ახალ მფლობელებთან ერთობლივი საქმიანობა შედგეს". ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ TikTok-მა X-ზე განაცხადა, რომ აშშ-ში მომსახურების მიწოდებას გააგრძელებენ.
ტრამპმა რეპორტიორებს უთხრა, რომ მან TikTok-ზე აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც პლატფორმა თავადვე გამოიყენა.
მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევის ბრძანების გარდა, ტრამპმა ხელი ასევე მოაწერა ბრძანებას, რომ ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს, დენალის მთას ძველი სახელი, მაკკინლის მთა დაუბრუნდეს.
"ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი სახელმწიფო დედამიწაზე და რომელიც მთელი სამყაროსგან მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევს. [...] ძალიან მალე, ჩვენ მექსიკის ყურის სახელს შევცვლით ამერიკის ყურით და მაკკინლის მთას დავუბრუნებთ დიდებული პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელს, სადაც მისი ადგილია" – თქვა ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
2015 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ალასკაში მდებარე მაკკინლის მთას გადაარქვა სახელი და მას დენალი დაარქვა, რითიც მას ადგილობრივი მაცხოვრებლები მოიხსენიებდნენ და ადგილობრივ ენაზე ითარგმნება როგორც "მაღალი". პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის სახელი მთას ოფიციალურად 1917 წელს, პრეზიდენტ მაკკინლის მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ მიენიჭა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) დატოვების შესახებ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ აშშ-მ 2020-ში გასვლის შესახებ ცნობა გამოსცა, რადგან "ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიას... და სხვა გლობალურ ჯანმრთელობის კრიზისებს, არასწორად გაართვა თავი, გადაუდებლად საჭირო რეფორმები ვერ გაატარა, და ვერ შეძლო ეჩვენებინა დამოუკიდებლობა WHO-ს წევრი სახელმწიფოების უადგილო პოლიტიკური გავლენისგან".
ტრამპმა WHO-დან გამოსვლის პროცესი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რადგან მისი თქმით სააგენტომ სათანადოდ ვერ უპასუხა COVID-19-ს და არ აჩვენა, რომ ჩინეთისგან დამოუკიდებელია. თუმცა, ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან წაიღო.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ WHO-ს ყველაზე დიდი შემომწირველია და ყოველ წელს ორგანიზაციისთვის დაახლოებით $130 მილიონს გამოყოფს, რათა სააგენტომ ჯანდაცვის მხრივ გლობალური მზადყოფნისა და დროული პასუხის გაცემისთვის საჭირო ხარჯები დაფაროს.
ორგანიზაცია ამ თანხას ასევე ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსების, ტუბერკულოზისა და ბავშვთა ვაქცინაციის საკითხების მოგვარების მხრივ ძალისხმევისთვის იყენებს.
გარდა ამისა, ტრამპმა ბრძანება პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლის შესახებაც გასცა . შეთანხმების მიზანი სათბურის აირების გამოყოფის შემცირებით, გლობალური დათბობის არაუმეტეს 2°C-მდე, სასურველ შემთხვევაში - 1.5°C-მდე, შეზღუდვა.
ტრამპმა შეთანხმება პირველი ვადით პრეზიდენტობის დროსაც დატოვა, თუმცა პროცესს წლები დასჭირდა და 2021 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება მყისიერად გააუქმა.
Reuters-ის ცნობით, შეთანხმებიდან გამოსვლას ამჯერად ნაკლები დრო დასჭირდება, რადგან ტრამპი სამწლიანი სავალდებულო პერიოდით არ იქნება შეზღუდული.
ევროპული კლიმატის ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ლორენს ტუბიანას თქმით, აშშ-ს გასვლა სამწუხაროა, მაგრამ დაამატა, რომ კლიმატის ცვლილებების შენელებისკენ გადადგმული ნაბიჯები "უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ქვეყნის პოლიტიკა".
ტრამპმა ასევე ეროვნული ენერგეტიკის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ აშშ-ს ნავთობის სტრატეგიულ რეზერვებს შეავსებს. მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, სახელწოდებით "ალასკის არაჩვეულებრივი რესურსების პოტენციალის გათავისუფლება", რომელიც გაზსა და სხვა ბუნებრივ რესურსებს ეხება.
ამასთან, აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ე.წ. მწვანე ახალი კურსის, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაბინძურების შემცირებასა და წიაღისეული საწვავის მოპოვების რეგულირებაზე მიმართული ზომების, გაუქმებას მოაწერა ხელი.
დონალდ ტრამპმა ბრძანებები ასევე მთავრობის რეფორმების შესახებ გამოსცა. ახალმა პრეზიდენტმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE) შექმნა, რომელსაც, სავარაუდოდ, ბიზნესმენი ილონ მასკი გაუძღვება.
ტრამპის თქმით, მასკის ახალ დეპარტამენტს დაახლოებით 20 თანამშრომელისთვის ოფისი გამოეყოფა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა გააუქმა მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის მიერ 6 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიიდან კუბის ამოღების შესახებ. ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ კუბა ტრამპის ადმინისტრაციამ 2021 წელს, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა.
ტრამპმა მასობრივად შეიწყალა თითქმის ყველა, დაახლოებით 1 500, პირი, ვისაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.
თითქმის ყველა მათგანის შეწყალების გარდა, ტრამპმა ასევე სასჯელი შეუმსუბუქა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების, Proud Boys-ისა და Oath Keepers-ების, 14 წევრს.
ტრამპის გადაწყვეტილებით უშედეგოდ დასრულდა მრავალწლიანი ფედერალური გამოძიება, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ტრამპის მარცხის შემდეგ კაპიტოლიუმზე თავდამსხმელი პირების პასუხისგებაში მიცემას ისახავდა მიზნად.
შეწყალებასთან ერთად, ტრამპმა ასევე იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, შეწყვიტოს "ყველა განსახილველი საბრალდებო აქტი", რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ იყო დარჩენილი.
გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპმა ოვალურ ოფისში იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულები ციხის დატოვებას დღესვე შეძლებენ. "ისინი უკვე დიდი ხანია, რაც ციხეში არიან". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ "ეს ხალხი გაანადგურეს".
ტრამპის გადაწყვეტილებას მალევე მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ზოგიერთი გამომძიებლისგანაც, რომელიც 2021 წელს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეებზე მუშაობდა.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი. ტრამპი სოციალური ქსელებში დაბლოკეს.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც, უკვე მეორედ, მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდადებას მხარი არ დაუჭირა.