გრიგოლ გეგელია

გეგელია: შეცვლილი სცენარის მიუხედავად, დავესწარით რამდენიმე საინაუგურაციო საზეიმო მიღებას

სანამ ჩვენ არ გვეცალა, რადგან ძალიან მაგარ და მნიშვნელოვან ხალხთან ვსაუბრობდით ჩვენი ქვეყნის მომავალზე, თვითმარქვია რეჟიმი შურით გამსკდარა (თეირანში პანაშვიდის გარდა აღარსად პატიჟებენ), იქეთ კიდევ ზოგიერთი შინნაკეთი პარტიის დიად ლიდერსაც დაუყენებია ბუღი… უფრო უმნიშვნელო მტვერი.

ჰოდა, მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ეს გახლავთ მოსაწვევი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, სადაც მიგვიწვია შესანიშნავმა კონგრესმენებმა ვან ორდენმა (რესპუბლიკელი) და პიტერსმა (დემოკრატი).

როგორც იცით, 1958 წლის მერე პირველად, ჯანმრთელობასთან შეუსაბამო ყინვების გამო, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა არა კაპიტოლიუმის წინ, არამედ შიგნით, სადაც სენატის და კონგრესის წევრების გარდა ძალიან ცოტა ადამიანი ეტევა.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დასწრება მოხერხდა ბოლო მომენტში სრულიად თავდაყირა დამდგარი სცენარის მიუხედავად.

ჩვენი ვაშინგტონში ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო ის მაღალი დონის შეხვედრები, რომელმაც გამორჩეულად ნაყოფიერად ჩაიარა, რაზედაც ცალკე ვისაუბრებ შემაჯამებელ პოსტში. ინაუგურაციაზე დასასწრებად სწორედ ამ შეხვედრების მსვლელობისას მიგვიწვიეს, რისთვისაც უაღრესად მადლიერი ვარ.

მიუხედავად შეცვლილი სცენარისა, დავესწარით რამდენიმე საინაუგურაციო საზეიმო მიღებას კონგრესმენებისა და ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრების მიწვევით და ბევრ უაღრესად მნიშვნელოვან და გავლენიან ადამიანს, ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურ კლასების წარმომადგენლებს, კიდევ უფრო სიღრმისეულად გავაცანით ჩვენი ხალხის დემოკრატიული ბრძოლის ამბავი.

ძალიან დადებითი განწყობით ვუბრუნდები სამშობლოს და ყოველდღიურ ბრძოლას, რომელიც გრძელდება ყველგან და ბოლომდე - გამარჯვებამდე!

წერს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში და ინაუგურაციის მოსაწვევს აქვეყნებს

კომენტარები