ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, იმ მუხლის კვალიფიცირებას, რომლითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავება, თავად აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს.
დგებუაძის თქმით, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად ლოყისა და ყურის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი.
"თავად ის მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელს ედავება პროკურატურა, არ არის ის მუხლი, რომლითაც ის ქმედება შეიძლება დაისაჯოს, რისთვისაც ახლა მას სჯიან. ეს მუხლი, 353-ე პრიმა მუხლი თავის თავში აერთიანებს რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომელიც სახეზე უნდა იყოს ერთობლივად, ეს არის თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი და აგრესიული აქტი, თავდასხმის განხორციელება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით და თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. ამ საქმეში გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძეს სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს.
თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას.
დგებუაძის თქმით, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყასა და მარცხენა ყურთან აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება და ის, რაც ე.წ. დაზარალებულმა ეს ეპიზოდი აღწერა არ იძლევა 353-ე პრიმა მუხლის შემადგენლობას და თავიდანვე ამ ქმედების ამ მუხლით კვალიფიცირება წარმოადგენდა უკანონობას და ეს არის პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი მახასიათებელი, როდესაც უკანონო ბრალდებით ხდება პირის პასუხისგებაში მიცემა.
ასევე, სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული "დანაშაული" არ ჩაჯდება სისხლის სამართლის სხვა, უფრო მსუბუქ მუხლებში, რადგან ეს შედეგი ვერ დადგებოდა ობიექტურად იმ ქმედების შედეგად, რასაც ადგილი ჰქონდა". - განმარტა ქურდოვანიძემ.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს რაბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.