რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკი: ორეშნიკთან საბრძოლველად, საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაა დასაწყები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ საჰაერო თავდაცვის ძალებზე და მობილიზაციის პრობლემებზე ილაპარაკა.

სირსკის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინას ესაჭიროება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც რუსულ ორეშნიკს გაუმკლავდება.

"ორეშნიკი დიდი საფრთხეა, დღესდღეობით მისი შეკავება მხოლოდ რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემას შეუძლია. აქედან გამომდინარე, საჭიროა შეიქმნას საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები. სიტუაცია გვიბიძგებს მოლაპარაკებებისკენ პარტნიორებთან. უნდა შევქმნათ თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც რუსული იარაღის შემაკავებელი ფაქტორი იქნება". – თქვა სირსკიმ.

შეიარაღებული ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალი სისტემები "არ უნდა ჩამოუვარდეს სარაკეტო საზენიტო კომპლექს Patriot-ს".

"ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, ფაქტიურად ყველა საზენიტო სარაკეტო კომპლექსების მართვის სისტემებს ვაწარმოებდით. ანუ ჩვენ გვაქვს იმის სიმძლავრე და შესაძლებლობა, რომ საკუთარი საჰაერო თავდაცვის კომპლექსები ვაწარმოოთ". – აღნიშნა სირსკიმ.

სირსკიმ ასევე ილაპარაკა მობილიზაციის პრობლემებზეც, მეთაურის აზრით, ამჟამინდელი მობილიზაციის შესაძლებლობები, ვერ ფარავს პირადი შემადგენლობის იმ მოთხოვნებს, რომელიც ომს ესაჭიროება. 

გენერალი წინააღმდეგია, რომ მობილიზაციის არაეფექტურობის გამო, საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი პერსონალი ქვეით ჯარში გადაიყვანოს:

"პირველ რიგში, არის ჩემი განკარგულება, რომელიც მაღალკვალიფიციურ პერსონალს, ქვეით ჯარებში გადასვლას უკრძალავს.

მეორეს მხრივ ფრონტს აქვს თავისი მოთხოვნილებები. ჩვენ უნდა გავზარდოთ მექანიზირებული ბრიგადების შემადგენლობა ადეკვატურ ნიშნულამდე.

მობილიზაციის შესაძლებლობები სამწუხაროდ ამ მოთხოვნილებებს არ ფარავს".

კომენტარები