სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 18 იანვრის ღამის განმავლობაში და დღეს, 19 იანვარს ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირი მოინახულეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონახულებულ დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო დაკავებულთაგან ორი - პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ.
"დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა". - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის განცხადებაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მიერ საპროტესტო შეკრებებზე ნიღბის ტარების ამკრძალავი კანონმდებლობის დამტკიცების შესახებაც. როგორც ომბუდსმენის აპარატი ამბობს, მსგავს შეზღუდვას "ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს", მაგრამ ამ ქვეყნებში "ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური".
"გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას (რასაც ღამით მონახულებული მოქალაქეები დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებენ) და განმარტა, რომ მართალია, მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის". - წერია განცხადებაში.