აშშ-ს პრეზიდნეტის ინაუგურაცია

იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი ვაშინგტონში აშშ-ს ახალი პრეზიდნეტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება

ამის შესახებ ინფორმაციას მელონის სამსახური ავრცელებს.

მანამდე, 5 იანვარს მელონი ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვია.

"ძალიან ამაღელვებელია. აქ ფანტასტიურ ქალთან ერთად ვარ, იტალიის პრემიერმინისტრთან" – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან.

ტრამპის ინაუგურაციაზე ჩამოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი ან მათი წარმომადგენელი აპირებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციაზე ჩავა არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, რომელიც პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ცნობების მიხედვით, ტრამპმა ღონისძიებაზე დასასწრებად ასევე სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელეც მიიწვია.

აშშ-ში ჩავა გაერთიანებული სამეფოს "რეფორმების პარტიის" ლიდერი ნაიჯელ ფარაჟიც, ბოლო პერიოდში ტრამპის ახლო მოკავშირე, ბიზნესმენ ილონ მასკთან საჯარო უთანხმოების მიუხედავად. Politico-ს ცნობით, ინაუგურაციაზე ასევე მიიწვიეს ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსი ერიკ ზემური და ევროპარლამენტარი სარა კნაფოც.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინაუგურაციას ზურაბიშვილის დაესწრება.

ამას გარდა, საბრალდებო აქტით სამართალდარღვევაში დადანაშაულებულმა ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ X-ზე დაწერა, რომ მას ღონისძიებისთვის მისაწვევი მიუვიდა და იგი პასპორტის დაბრუნებას ცდილობს, რათა ღონისძიებაზე დასწრება შეძლოს.

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი ინაუგურაციას პირადად არ დაესწრება, თუმცა იგი აშშ-ში თავის ვიცეპრეზიდენტს, ხან ჭენგს გზავნის.

პოლიტიკოსების გარდა, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იქნებიან მილიარდერები ამერიკის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიებიდან. ღონისძიებაზე იქნება Tesla-ს და SpaceX-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO) ილონ მასკი (ქონება: $423 მილიარდი); Meta-ს CEO მარკ ზაკერბერგი (ქონება: $205 მილიარდი); Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი (ქონება: $232 მილიარდი).

ცნობების მიხედვით, ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს OpenAI-ის CEO სემ ალტმანიც. ტრამპთან ახლო კავშირის მქონე სხვა მილიარდერების გარდა, ინაუგურაციაზე იქნება TikTok-ის CEO შოუ ჩიუც. ინაუგურაციაზე ჩიუს დასწრების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ ვრცელდება, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპი სავარაუდოდ განიხილავს, გზებს, რათა TikTok აშშ-ში აკრძალვას "გადაარჩინოს".

კომენტარები