რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ერთ-ერთმა რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია – რუმინეთი

რუსული დრონის ნამსხვრევები რუმინეთში
Digi24

ერთ-ერთმა რუსულმა დრონმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის დროს რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რუსეთს უკრაინაში, რუმინეთის საზღვართან, კერძოდ ტულჩის ოლქთან ახლოს, სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიჰქონდა, როდესაც ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

სამინისტროს მიხედვით, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუმინეთმა თავისი ორი F-16 ტიპის თვითმფრინავი ააფრინა, შესაბამისმა უწყებებმა კი ტულჩის ოლქის მცხოვრებებს საგანგაშო შეტყობინებები გაუგზავნა. 

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს გუნდებმა საზღვართან ახლოს მდებარე დასახლება პლაურუსთან დრონის ვარდნის შესაძლო კვალი აღმოაჩინეს. 

შემთხვევის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გაავრცელა და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა დაგმო.

სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ რუსული ძალების თავდასხმები "საერთაშორიო სამართლის ყველა ნორმას" არღვევს, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ "უკანონო და არაპროვოცირებული" აგრესია კი მთლიანი რეგიონისთვის რისკს ქმნის. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ რუსეთი "სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის პატივისცემის" ვალდებულებებს სისტემატურად არღვევს. 

მანამდე, ყოფილა შემთხვევები, როცა რუსული დრონები რუმინეთის საჰაერო სივრცეს არღვევდნენ. 

კომენტარები