TikTok

უოლცის თქმით, ტრამპი ეძებს გზებს, რათა TikTok აშშ-ში პოტენციური აკრძალვისგან იხსნას

ამერიკელი კონგრესმენი მაიკ უოლცი
John Nacion/Getty Images

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი ამბობს, რომ ტრამპი TikTok-ის "გადარჩენას" შეეცდება.

უოლცმა უპასუხა Fox News-ის წამყვანის კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს Washington Post-ის ცნობა, რომ "ტრამპი აღმასრულებელ განკარგულებას განიხილავს იმ იმედით, რომ TikTok აშშ-ს კანონით აკრძალვისგან ან გაყიდვისგან იხსნას".

"თუკი უზენაესი სასამართლო გამოვა კანონის მხარდამჭერი განაჩენით, პრეზიდენტმა ტრამპმა ძალზე ცხადად თქვა". - თქვა უოლცმა და დაამატა, რომ "პირველი, TikTok დიდებული პლატფორმაა, რომელსაც ბევრი ამერიკელი იყენებს და დიდებული იყო მისი [ტრამპის] კამპანიისთვის გზავნილების გავრცელების მხრივ. მაგრამ, მეორე, იგი აპირებს, მათი მონაცემები დაიცვას".

ტრამპის მომავალი მრჩევლის თქმით, ისინი მონახავენ გზას, რათა "შევინარჩუნოთ ის [TikTok], მაგრამ ასევე დავიცვათ ხალხის მონაცემები. და ეს არის ის, რაც ჩვენს წინაშე იქნება".

უოლცმა აღნიშნა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ "აშშ-ს მთავრობამ მათი მონაცემები და პაროლები ნახოს" და მისი თქმით, "ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ ჩინეთის მთავრობა ხედავდეს მათ მონაცემებსა და პაროლებს".

"მე არ მინდა, რომ წინ გავუსწრო ჩვენს აღმასრულებელ განკარგულებებს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ სივრცე, რათა ეს გარიგება სისრულეში მოვიდეს". - დაამატა უოლცმა.

აშშ-ში უზენაესი სასამართლო განიხილავს, თუ რამდენად კონსტიტუციურია კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება პლატფორმა TikTok, თუკი მისი მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აშშ-ში საკუთარ განყოფილებას 19 იანვრისთვის არ გაყიდის.

თუკი სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს, როგორც ეს ქვედა ინსტანციის სასამართლომ წინა თვეში გააკეთა, მაშინ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ აშშ-ში TikTok-ის განყოფილება ილონ მასკმა შეისყიდოს, თუკი კომპანია ვერ შეძლებს, აპლიკაციის აკრძალვის კანონპროექტი წარმატებით გაასაჩივროს.

Bloomberg-ის ცნობით, ჩინელ მაღალჩინოსნებს ურჩევნიათ, რომ TikTok მშობელი კომპანია ByteDance Ltd.-ს მფლობელობაში დარჩეს, თუმცა მათ უკვე დაიწყეს სათადარიგო გეგმის განხილვა იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს.

ამ გეგმის ფარგლებში, რაც Bloomberg-ის ცნობით, ზოგადად ჩინეთში დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის ნაწილია, ჩინეთის მთავრობისთვის პოტენციური მაღალი დონის გარიგება ტრამპის უახლოეს მოკავშირესთან გარკვეული თვალსაზრისით მიმზიდველი ჩანს. Bloomberg-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას იმაზე, გაიყიდება თუ არა TikTok-ის აშშ-ს ფილიალი, ჩინეთის მთავრობა მიიღებს.

კომენტარები